Leluka25's Blog

ოთახი

Posted on: May 1, 2018


4 კვადრატულ ოთახში ვარ… კედლები თეთრი ფერისაა და იატაკზე ათასობით ცარიელი ფურცელი ყრია…ძალიან კაშკაშა ნათურა ზედმეტად ნათელს ხდის ამ პატარა სოროს…ალბათ უზარმაზარ დარბაზს უფრო მოუხდებოდა… ოთახის შუაგულში ნახევრად მონჯღრეული სკამი დგას, რომელსაც ეს-ესაა ცალი ფეხი მოძვრება… ხანდახან როცა ვიღლები ამ სკამზე ვჯდები ხოლმე, ოღონდ ფრთხილად, იატაკზე რომ არ გავიშხლართო… ოთხივე კედელზე კარია… დიდი ხანია ამ ოთახიდან არ გავსულვარ… კარის საკეტებს და ჟანგმორეულ გასაღების აცმას მტვერი ადევს…

თავდაპირველად ეს ოთახი საერთოდ არ არსებობდა… მე ავაშენე, ჩემი ხელით, ყდამოღრეცილ წიგნებს ფუნჯით საღებავებს ვუსვამდი და ერთმანეთზე ვაწებებდი… ისეთი ფერადი იყო, დიდი ფანჯრებით, ფურცლებგამოჩრილი, ალაგ ალაგ გაცრეცილი და უსწორმასწორო… ფანჯრებიდან ნიავი უბერავდა, ხანდახან ქარიშხალიც… შემდეგ ნელნელა ფანჯრები ამოვაშენე (აგურით), კარიც დავკიდე (იმ ოთხკუთხედფოთლიანი ხისგან, რომელიც ცისარტყელას ჩანჩქერთან იდგა) მერე კედლებიც შევათეთრე და დიდი ნათურაც ჩავრთე (საერთოდ არ ვიცი ეს უკანასკნელი სად ვიპოვე ან საიდან მოვიდა)…

მომწონდა ახალი სამალავი… მცხუნვარე მზის სხივებისგან და ფეხზე კოჟრებისგან თავისუფალი… ხეებისა და ფოთლების მტვერისა და ტალახისგან გაწმენდილი… ჩიტების ჭიკჭიკისა და ღამის ცხოველების ყრუ გოდებისგან დაცლილი… დიდ და საშიშ სამყაროში პატარა ციხე-სიმაგრესავით მდგარი, ჩემი სიმშვიდის დარაჯად… ჯერ მხოლოდ ქარიშხლის დროს ვაფარებდი თავს, მერე გვალვის დროსაც, მერე წვიმის დროს, მერე კი უბრალოდ აღარ მინდოდა გარეთ გასვლა…  ვერც კი შევამჩნიე როგორ დაიწყო ჩემმა ოთახმა დაპატარავება… არ მახსოვს ბოლოს როდის გავაღე კარი…

ეს ჩვენი ჩემი სამყაროა… ეს ჩვენი სამყაროა… და ეს სამყარო ძალიან მოცუცქნულია იმისათვის რომ ვიცხოვროთ… და მაინც, ამ სამყაროდან გაქცევის ძალა, დრო, სურვილი არ გვყოფნის…

ოთახიდან გასვლას ერთი რთული წესი აქვს: – შენი რაფინირებული ტყავი უნდა დატოვო და ნამდვილი უნდა გახდე… რაც ძალიან რთულია, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ასე მარტივი არაა ტყავი გაიხადო და ჩაიცვა, განსაკუთრებით მაშინ თუ დიდი ხანია გაცვია და შეგისისლხორცდა…

გარეთ ის სამყაროა, რომელსაც რეალიზება ვერ გავუკეთეთ, ის რაც არ ჯდება ჩვენს ყოველდღიურ ჩარჩოებში… ფერები, რომელიც შავ-თეთრ სამყაროს არ უხდება, ის წიგნები რომლებიც ვერ წავიკითხეთ, ის მუსიკა რომელიც ვერ დავწერეთ და ის ტილოები, რომლებიც ვერ დავხატეთ… გარეთ ჩვენი საყვარელი წიგნების გმირები არიან, ჩვენი საყვარელი მუსიკაა, ჩვენი საყვარელი ფერებია… გარეთ სინამდვილეა…

რაც დრო გადის მით უფრო მეშინია ამ კარის გაღების… მით უფრო მტკივნეულია ტყავის გახდაც და ჩაცმაც… მით უფრო რთულად მეჩვენება უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა…

 

Leave a comment