Leluka25's Blog

13507178_10154942469299256_5610277747330584363_nდა აი ასე, მე, კესო, ელენე და ნინო არც ისე კომფორტულად მოვკალათდით და ჩვენი ოცნებისკენ გავფრინდით…

არ ვიცი როდის დაიწყო ზუსტად დასვნებაზე ოცნება, იქნებ მაშინ როცა ნინოსთან საკონფერენციო დარბაზში ლეპტოპეპზე გვეძინებოდა ან კიდევ მაშინ როცა ლექციებიდან ლუდის ბარში მივდიოდით ჯგუფური პროექტის გასაკეთებლად… ფაქტია, რომ სწავლის მეორე წლის განმავლობაში ბარსელონა ყველაზე რთულ და მძიმე მომენტებში ოცნებად იქცა… რატომ ბარსელონა? რატომ არა პრაღა, პარიზი, რომი ან ბერლინი… არ ვიცი…

მიუხედავად ნახევარი წლით ადრე ნაყიდი ბილეთებისა, მიუხედავად duty free ში საყიდელი ვისკის ყულაბისა და ყველა ლექციაზე მინიმუმ სამჯერ ამ ჯადოსნური სიტყვის ხსენებისა, ბარსელონა იქამდე არ იქცა რეალობად, სანამ თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავმა ცხვირი არ აწია…

დღე პირველი ჩაფრენა

დავიწყებ იქედან, რომ ყველგან სადაც ვჯდები მეძინება. ყველაფერი რაც მოძრაობს ჩემთვის მშვიდი ძილის გარანტიაა, მაგრამ თბილისიდან კიევამდე გვერდით იმხელა მოზვერი მედო, რომ შეუძლებელი იყო არათუ დაძინება, არამედ წესიერად სუნთქვაც კი… უკრაინაში უკვე კარგა გვარიანად გაუბედურებული ჩავფრინდით, რაც გაბურძგუნულ თმაში, დაწითლებულ თვალებსა და მძიმე ზურგჩანთისაგან ლამის ნახევარი მეტრით დაპატარავებაში გამოიხატებოდა… გეითამდე ავტობუსი ვიქტორია სექრეთის ანგელოზებით იყო სავსე,  რომლებიც წვრილი ქუსლებით, მაკიაჟით, ბრჭყვიალა სამკაულებით, დაბერილი ტუჩებით და 4 ზომა მკერდით ჩემს ისედაც განადგურებულ თვითშეფასებას მაზოლზე ფეხს აჭერდნენ…

კიევიდან ბარსელონამდე ილუმინატორთან ვიჯექი, რაც იმას ნიშნავდა რომ თავის მოკალათების საშუალება მქონდა, შესაბამისად ძილისაც… სულ რამდენჯერმე გავახილე თვალი, ვხედავდი ღრუბლების ნაგლეჯებს, რომლებიც მთის კალთაზე მოფენილ ცხვრებს ჰგავდნენ, ულამაზეს, ფერად ხალიჩებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის ხაზებით იყვნენ ერთმანეთზე გადაკერებული… პაწაწუნა, მოცუცქნულ ქალაქებს, მწვანე ტყეებით გარშემორტყმულს… გემრიელად და ტკბილად მეძინა…

როგორც კი ჩავფრინდით ჰოსტთან დავრეკეთ, ახალი აღმოჩენა-სრულიად გაუგებრად ლაპარაკობდა ინგლისურად… ჯერ მე და მერე ელენემ როგორღაც ავუხსენით რომ მეტროში ვიჯექით და ერთ საათში მივიდოდით სახლში, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მთლად კარგად ვერ გაიგო…შემდეგ მთელი გზა მესიჯებს მიგზავნიდა ახალი შეყვარებულივით: სად ხართ, როდის მოხვალთ, რამდენ ხანში და ასე დაუსრულებლად. როგორღაც მივათრიეთ ჩვენი ხარახურა და ჩვენმა მოუთმენელმა ბიჭმა გამოგვიცხადა რომ ლოდინი მობეზრდა და წავიდა, ერთ საათში დაბრუნდებოდა და კეთილი და პატიოსანი გვენება და დავლოდებოდით… აქ კი მშიერი, განწირული ხავილი აღმომხდა, რის შედეგადაც ერთი საათიანი პოტენციური ლოდინი ათი წუთით შეიცვალა… შემოვილაგეთ ჩვენი ავლადიდება გარშემო და სადარბაზოს კართან ჩამოვჯექით. მე და კესომ გზის მეორე მხარეს ახლა უკვე საჭმელზე ოცნებასავით მოციმციმე სუპერმარკეტს მივაშურეთ, ნინო და ელენე დავტოვეთ ნევროზიან უცნობთან შესახვედრად.

სუპერმარკეტიდან გამოსულებს გოგოები აღარ დაგვხვდნენ… როგორც ჩანს ჩვენი ბიჭი მოვიდა (თურმე არამხოლოდ მოსვლა, წასვლაც მოახერხა) ახლა მე და კესო ჩამოვჯექით სადარბაზოს კართან და დავიწყეთ ლოდინი… ნინოსთან დარეკვის ყველანაირი კომბინაცია რომ ამოვწურე, გიოს დავურეკე და ვთხოვე ჩემს ნაცვლად დაერეკა… გაურკვეველი და ეჭვებით სავსე ათი წუთის შემდეგ ნინომ დარეკა და “მახარა” რომ ჩვენი სახლი ორის ნაცვლად ერთი საძინებელია და ოთხის ნაცვლად მხოლოდ ორი საწოლია… ჩემს რამდენიმე ათას კილომეტრზე და სხვადასხვა წნევაზე ნაჭყლეტ ტვინს უკვე მეტის ატანა ნამდვილად არ შეეძლო და უკვე როცა ორივე საძინებელს და ოთხივე საწოლს ჩემი თვალით ვხედავდი, ვერ ვიჯერებდი რომ ყველაფერი კარგად იყო…

სასწრაფო წესით მოვიმზადეთ ჰამბურგერები და ჩავილაგეთ 12 საათის ნაშიმშილებ მუცელში (არა, კი არა ჩავილაგეთ, როგორც ელენე ამბობს გადავირტყით, აი ესე :D) მერე დამეძნა, ისევ მშვიდად და გემრიელად დამეძინა… ნელნელა ჩემი დაღლილი და გამოშტერებული ტვინი სიმშვიდის და დასვენების შეგრძნებას იწყებდა… როცა გამეღვიძა უკვე საღამო იყო… ისევ სასწრაფო წესით მივიღეთ შხაპი (ერთად არა, ცალცალკე) და პირველი თავგადასავლის შესახვედრად გავედით ქუჩაში… იმის გამო, რომ La Rambla ერთადერთი ქუჩა იყო რაც ვიცოდით და ჩვენი სახლიდანაც 10 წუთის გზა იყო (ასე გვითხრა ნინოს ჯადოსნურმა გზამკვლევმა) სწორედ იქ გავეშურეთ… ქუჩაზე გასეირნებას მეტი ეფექტისთვის ადგილობრივი რესტორანი დავამატეთ და მორიგი “გადარტყმისთვის”მოვემზადეთ… ელენემ და ნინომ საჭმელი შეუკვეთეს, მე და კესომ სანგრია, ელენემ თეთრი ადგილობრივი ღვინო და ნინომ ტრადიციულად კოკაკოლა… ეს უკანასკნელი მიმტანის წყალობით ნინოს თეთრ შარვალზე აღმოჩნდა… საბრალო ისე შეწუხდა (ნინო არა, მიმტანი) იმდენი ბოდიში მოიხადა, ნინო ეხვეწებოდა კიდევ დამასხი არაუშავსო…

რესტორნიდან 11 საათზე გამოვედით. თბილისის დროით 1 საათზე, ფეხებს გაჭირვებით მივათრევდით მაგრამ სახლში დაბრუნება დაძინებას და ერთი დღის საკმაოდ უღიმღამოდ დასრულებას ნიშნავდა, თუ ღიმღამად კოკაკოლას არ ჩავთვლით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ამიტომ ტაქსი გავაჩერეთ და ახლომდებარე „ბარსელონას მთაწმინდისკენ“ ავიღეთ გეზი. ხეებითა და ზღაპრული ხედით გარშემორტყმულ მყუდრო კაფეში მოვკალათდით და ნესტიანი სავარძლები რომ არა ალბათ სამოთხესაც დაარქმევდა კაცი ამ მდგომარეობას. რამდენიმე საათით ხედით, სასმელით და თავისუფლების გემრიელი ჰაერით ვტკბებოდით, უფრო სწორად იქამდე, სანამ მორიდებით არ შეგვახსენეს რომ უკვე სახლში წასვლის დრო იყო… სახლში როგორ მივედით უკვე არ მახსოვს, უსაშველოდ მეძნებოდა უფრო სწორად მოძრაობაში მეძინა…

დღე მეორე – დასაწყისი

დილით ისე ადრე ვერ გავიღვიძეთ როგორც ვგეგმავდით, ლელა დეიდამ ომლეტი მოამზადა და ოთხ ტოლ ნაწილად გაანაწილა თეფშზე… სასწრაფოდ “გადავირტყით” და სითი ტურის საძებნელად გავემართეთ. ვიყიდეთ ბილეთები რომელშიც შედიოდა მთელი დღის ავტობუსის ტური და ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღირშესანიშნაობების და გასართობი ადგილების ბილეთები. ავიღეთ რუკა (რომელიც შემდეგ უკვე საგანძურად იქცა), სადაც ჩვენი მარშრუტი იყო მონიშნული, ყურსასმენები და ახალი თავგადასავლის შესაქმნელად გავემართეთ…

მთელი გზა გიჟი ტურისტებივით ვიქცეოდით… ყველ გაჩერებაზე ჩამოვდიოდით, ვათვალიერებდით ქალაქს პირდაღებული, ვიღებდით ფოტოებს, დავრბოდით გიჟებივით… ვინიშნავდით ადგილებს სადაც კიდევ ერთხელ უნდა დავრუნებულიყავით უფრო დიდი ხნით და შემდეგ ისევ ველოდებოდით შემდეგ ავტობუსს ან იმის შემდეგს… ასე საღამომდე… La cathedral Barcelona – ერთ ერთი პირველი საოცრება იყო რაც ვნახეთ… ფორმებისა და ზომების იდელური შეთანხმება… ვიჯექით კიბეზე და ჩვენს გვერდით ქუჩის მუსიკოსი საოცრად უკრავდა… გარშემო ხალხი მოძრაობდა და ყველაფერი ისეთი ნამდვილი და ბედნიერი იყო… ყველა ბედნიერი იყო…

მთელი ქალაქი ერთი დიდი მუზეომია… რაღაცნაირი დალაგებული, დავარცხნილი, საკვირაო სკოლისთვის გამოწყობილი ბაფთიანი გოგონასავით რომელიც პირველ ზიარებას ელოდება… მზიანი და თბილი… ქუჩები ვიწრო, ზოგიერთი ისეთი ვიწრო რომ მხოლოდ სკუტერებისთვის თუ გამოდგებოდა… ყველაფერი იყო ზომიერი არც ცოტა და არც ბევრი…

საღამო ისე შეუმჩნევლად მოვიდა, სრული უკმარისობის გრძნობა დაგვიტოვა… ნინოს უკვე ეძინა, ჩვენ ლაპარაკის უნარი გვქონდა დაკარგული აღფრთოვანებისა და დაღლილობისგან…ავტობუსი ცენტრალურ მოედანზე გაჩერდა… სიარულის თავი აღარც ერთს აღარ გვქონდა მაგრამ აი აქ გამოჩნდა Disigual -ის ათასფერად მოლივლივე ვიტრინები და დაღლილობაც სადღაც გაქრა… მე და კესო მაღაზიაში შევცვივდით, ელენემ და ნინომ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ამ ქალური ბედნიერების გაზიარებაზე… ვგიჟდები ამ მაღაზიაზე, ფერებზე, ფორმებზე, განათებაზე, ყველაფერზე რაც დაკავშირებულია ამ ბრენდთან, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვერ ვყიდულობ… როგორც ჩანს მეტისმეტად ბებერი ვარ ასეთი მხიარულებისთვის.

სახლში უკვე საბოლოოდ ძალაგამოცლილები დავბრუნდით… ვჭამეთ. გადავივლეთ და საღამოს შინნარსიანად გატარებაზე დავიწყეთ ფიქრი (ზოგმა მხოლოდ ფიქრი) ელენემ და კესომ კლუბში წასვლა გადაწყვიტეს… ჩემთვის იმდენად ახლობელი იყო საწოლი და ბალიში იმ მომენტში ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებდა ადგომას და გარეთ გასვლას… როგორც დეიდას შეეფერება ცოტა ვინერვიულე, ცოტა ვიწუწუნე, მერე ვიფიქრე დაველოდებითქო და ზუსტად ათ წუთში ტკბილად დამეძინა…

დღე მესამე – მონსერატი & ისტერიჩკა გიდი

ისეც ჩაგვეძინა… მიუხედავად იმისა რომ ორი ცალი მაღვიძარა მქონდა დაყენებული, მაინც არაფერმა მიშველა… ცხრის ნახევარზე გავიღვიძე და მაშინვე თავში ამენთო – მონსერატი, ავტობუსი, ცხრა საათი, ბილეთები… ჩაცმისა და მოწესრიგების (ამას თუ მოწესრიგება ერქვა) ყველა რეკორდი მოვხსენით და სორბილით წავედით ბილეთების ასაღებად. ჯავშანი წინასწარ გვქონდა გაკეთებული, ამიტომ დაგვიანების შემთხვევაში თანხას უკან არავინ დააბრუნებდა ამიტომ ჯერ ავტობუსთან მივირბინეთ, საიდანაც ოფისში გაგვიშვეს და ასევე სირბილით დავბრუნდით უკან… ჯერ კიდევ ცარიელი იყო ავტობუსი, თანაც ჩვენი ვარაუდით სადღაც 10 ის ნახევარზე გავიდოდით, ამიტომ მე და კესომ იქვე მდებარე კაფეშ სენდვიჩები და ყავა შევუკვეთეთ… შეკვეთიდან რამდენიმე წუთში ნინომ დარეკა უკვე გავდივართ და გიდმა გადაწყვიტა არ დაგელოდოთო… მიმტანმა რამდენიმე წამში მოგვცა ჩვენი შეკვეთა და ისევ სირბილით ავცვივდით ავტობუსში. სულ სამი წუთი დაგვაგვიანდა… სანამ გიდი ზღაპრების მოყოლას დაიწყებდა ჯერ ჩვენ გამოგვლანძღა დაგვიანების გამო და იმის გამო რომ მთელი ავტობუსი ვალოდინეთ… ერთეხელ კი არა, რამდენჯერმე გამოგვლანძღა…შემდეგ უკვე ლაპარაკზე მოგვცა შენიშვნა სხვებს აწუხებთო… მოკლედ ერთი საათი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია… რას ვიზამდით, ავტობუსიდან ვერ ჩავფრინდებოდით, შესაბამისად ბოდიში მოვიხადეთ და გავჩუმდით… ასე 30 წლამდე იქნებოდა, შავგრემანი, გამხდარი, დიდი კბილებით და უსიამოვნო, ნერვიული გამოხედვით…დაზეპირებული ტექსტით ლაპარაკობდა, სრულიად უემოციოდ, რაღაცნაირი უბედური იყო, ცხოვრებაზე გამწარებული, მთელი ავტობუსი ეზიზღებოდა, თავის საქმეც ეზიზღებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევა ჩვენგან თავს… რომ არ მცოდნოდა რომ კატალონიელი იყო, ნამდვილად ქართველი მეგონებოდა…

ავტობუსიდან ბოღმით გატენილები ჩამოვედით… უკვე სხვადასხვა ენაზე კარგად გამოლანძღვის გეგმებს ვადგენდით, ისე ვუყურებდით როგორც დასაკლავ ცხვარს მშიერი მეცხვარეები… შეუმჩნეველი არ დარჩენია, როცა ოთხი ქალი ასე გიყურებს, ნიშნავს რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე… სავარაუდოდ იგრძნო და მოვიდა… ბოდიშის მოხდის მაგვარი დაიწყო და მაინც იმით დაასრულა რომ დამნაშავეები ვიყავით, ჯერ დავაგვიანეთ, მერე ვიხმაურეთ (ჩვენს გარდა ნახევარი ავტობუსი ლაპარკობდა, მაგრამ ჩვენ არ მოვეწონეთ) სუფთა ჰაერზე გაფრენაც შეიძლებოდ და ისეთ სიმაღეზე ვიყავით, რომ გადაფრენაც. ოთხივემ ცალცალკე და ერთხმაში გამოვლანძღეთ… ვუთხარით რომ არასწორი იყო და შეეშალა, რომ საშინელი სერვისი აქვთ, საშინელი ტურისტული სააგენტო და თვითონ უფრო მეტად საშინელია… მოკლედ კარგად, გემრიელად დავიცალეთ ბოღმისგან და გარემოს დათვალიერებას შეევუდექით… უფრო სწორად მცელობა გვქონდა იმიტომ რომ ისეთი ნისლი იდგა ერთმანეთსაც გაჭირვებით ვხედავდით… ვიცოდით რომ ძალიან მაღლა ვიყავით მაგრამ სად, რამდენად, როგორ არ ვიცოდით.

Advertisements

Change!

Posted on: July 16, 2015

ადამიანების უმეტესობას ცვლილებების ეშინია, არსებობენ ადამიანები ვინც ცვლილებებს უბრალო საჭიროებად აღიქვამს და კიდევ არსებობენ გამონაკლისები ვისაც ცხოვრება არ შეუძლიათ სტატიკურ გარემოში. ალბათ იშვიათად მოიძებნება ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი ვისაც ჩემსავით უყვარს ცვლილებები. მე უბრალოდ კი არ მიყვარს, ვგიჟდები…ვგიჟდები ნებისმიერი ცვლილებაზე, ყველაერი ახალი მაძლევს ახალ სუნთქვას და ახალ ძალას. ვგიჟდები მზის ამოსვლაზე, აი ზუსტად იმ მომენტზე როცა მზის პირველი ჯერ კიდევ ახალშობილი სხივები ღამის ბინდს მეწამურისფრად ღებავს. ვგიჟდები საღამოს ბინდზე როცა ჯერ კიდევ მქრქალი მთვარე ამოცურდება ცაზე და სამყაროს ვერცხლის ფერი ედება. თებერვალზე, როცა სითბო ძალას იკრებს და დედამიწა დიდი გარდატეხისთვის ემზადება… ალბათ რა უჟმური და უბედური იქნებოდა ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე, როგორი მდორე და გახევებული…

ჩვენი ცხოვრება, როგორი რუტინული და დავარცხნილ დალაგებულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ერთი დიდი მოგზაურობაა, მოგზაურობა სხვადასხვა პატარ-პატარა სამყაროებს შორის. ყოველი ახალი მოვლენა, ერთი ახალი სამყაროა, ერთი ახალი ამბავი ჩვენს ისტორიაში, ყოველი ახალი დღე ერთი თავია ჩვენს წიგნში. ჩვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ჩვენი მოგზაურობა, როგორი მოგზაურები ვიქნებით, ცნობისმოყვარე თუ უბრალოდ ჩავუვლით გვერდით ყველაფერს და მომდევნო ეტაპზე გადავაბიჯებთ. ჩვენს ხელშია მელანიც და ფურცლებიც, საღებავებიც კი რომ ჩვენი წიგნი რაც შეიძლება საინტერესო, ფერადი და ვრცელი გამოვიდეს.

სამწუხაროდ, სანამ დავიბადებოდით არავინ გაგვაფრთხილა როგორი იქნებოდა სამყარო, რამდენად უცნაური, საშიში, სასტიკი და რთული, მაგრამ დაბადებასთან ერთად თან დაგვყვა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი და ძალა – ცვლილების, სიახლის, აღმოჩენის… ეს ძალა ჩვენს ხელშია ან ფეხში, ხშირად თავში მაგრამ აქაა, შიგნით და ვალდებულნი ვართ რომ გამოვიყენოთ. შევალოთ ის, რაც არ მოგვწონს, შევცალოთ ისიც, რას ისე რა მოგვწონს და ისიც კი, რაც ძალიან მოგვწონს იმიტომ რომ სწორედ ესაა მთელი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევა. ვნახოთ ყველა განზომილების ყველა ვერსია ჩვენს გარშემო, შევეხოთ, გამოვცადოთ, გვეტკინოს, კისერი მოვიტეხოთ მაგრამ ვცადოთ, არ ვიჯდეთ ერთ ადგილას იქამდე, სანამ წიწილებს არ გამოვჩეკავთ, სანამ არ მოვკრუხდებით და კაკანს დავიწყებთ.

სირბილი, რა მაგარი მდგომარეობაა, როგორ ცვლის გარშემო ყველაფერს, ჰაერს, გარშემო გარემოს, ძალას ფეხებში, მერე რა რომ ჩვენი სირბილი ხანდახან გორგოლაჭებიან სავარძელს არ ცდება, მერე რა რომ ხანდახან ოთხი კედელისა და ოთხი ბორბლის მეტს ვერაფერს ვხედავთ. ყველაზე ვიწრო სამყაროშიც კი არის გასასვლელი, ყველაზე საშინელი და დამღლელი მოგზაურობაც გვაძლევს მთავარს: გამოცდილებას, ისტორიას, მორიგ ხიდს ახალ სამყაროში, გამოწვევებს და შესაძლებლობას, რომ გაიზარდო, შესაძლებლობას, რომ შენი ცხოვრება შენი გულის კარდიოგრამას გავდეს.

მიუხედავად იმისა, ჩვენ გვიყვარს თუ არა ცვლილებები, ჩვენს ცხოვრებაში მაინც ხდება. მიუხედავად იმისა გვიყვარს თუ არა ზამთარი, ის მაინც მოდის, ახალი დღე მაინც დადგება, იმისდა მიუხედავად ვამჩნევთ თუ არა მზის ამოსვლას… მთავარია ჩვენ ვართ თუ არა მზად მივიღოთ, მზად ვართ თუ არა გავაღოთ კარი და შემოვუშვათ ახალი სუნთქვა ჩვენს სამყაროში, მზად ვართ თუ არა დავანგრიოთ ძველი და ავაშენოთ ახალი, მზად ვართ თუ არა ახლის შენების დროს ავიტანოთ თავზე წვიმა და გადაყვლეფილი ხელები…

ალბათ სწორედ ესაა სამყაროს ყველაზე დიდი გამოწვევა…

29 აგვისტოს გასაუბრება მქონდა
6 სექტემბერს სტუდენტი გავხდი
23 სექტემბერს პირველი ლექცია

და გუშინ დასრულდა ეს ყველაზე რთული, უცნაური და გამოწვევებით სავსე წელი. გამოვიძინე, გავაანალიზე, ცოტა გამოვფხიზლდი და მივხვდი რომ ეს იყო სიგიჟე, არანორმალური რბოლა, რიტმი რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, არ გაძლევს უფლებას დაისვენო, გაჩერდე. იმის უფლებაც არ გაქვს ნახო მეგობრები, დაჯდე კაფეში მშვიდად და ყავა დალიო, წახვიდე კინოში ან უბრალოდ ცოტა ხნით ჩამოჯდე. ესაა ეკალი უკანალში და საკმარისია ოდნავ მოდუნდე, რომ მაშინვე გახსენებს თავს.

ამ ერთ წელში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, თავიდან ბოლომდე. მე, ვისაც მუდამ მოწოდების სიმაღლეზე მქონდა საკუთარი თაიმ მენეჯმენტი, ვინც ყოველთვის იცოდა რა იქნებოდა ხვალ კი არაა 1 თვის მერე ამ დროს, ვისაც ყველაფერი დათვლილი ჰქონდა დროც და ფულიც, დათვლილი და განაწილებული, ვისი ყველა დღე და საღამო ზუსტად ერთნაირი იყო, ერთიდაიგივე მიმდევრობის მოქმედებებით… მე – ამ ჩემს ცხოვრებას ხელი მოვუსვი და თავიდან ბოლომდე ავურიე.
რატომ? იმიტომ რომ არ მომწონდა!

მიუხედავად იმისა, რომ გაძლება ძალიან გამიჭირდა, ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, შეიძლება ერთადერთიც, სადაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები გავითვალისწინე. სადაც ერთი მარტივი ჭეშმარიტება აღმოვაჩნე: სამყარო არც საკუთარ სამუშაო მაგიდასთან სრულდება, არც გაზქურასთან ფქვილიანი ხელებით და არც მასთ რიდ წიგნების კითხვთ ძილისწინ…

მე ამ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საშინელი ცოლი რომელიც არასოდეს იყო სახლში, უსინდისო დიასახლისი რომელიც საჭმელს 11 საათის შემდეგ აკეთებდა ლეპტოპისა და წიგნების თანხლებით და ცუდი დედა, რომელიც მხოლოდ ზღაპრებს კითხულობდა ძილის წინ.
ეს იყო სიგიჟის ერთი წელი…

ღამეების თენების, კვირაში 4 დღე ლექციების და 2 დღე გამოცდების შედეგად მიფიქრია რომ მორჩა, მეტი აღარ შემიძლია, მეტს ვეღარ გავუძლებ, აღარ მინდა მაქსიმუმი, მინიმუმიც საკმარისია, რა საჭიროა A, მთავარია არ გა fail დე, მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომ დავნებებულიყავი, არც მაქსიმუმის კეთებაზე მითქვამს უარი, არც B ზე ჩამომიწევია თამასა.

და ხვალიდან როცა უკვე ლექციები აღარ მაქვს და ვეღარც ეკალს ვგრძნობ, არ ვიცი რა ვაკეთო. რაღაც მაკლია. თითქოს რაღაც მქონდა ზურგზე აკიდებული და მომხსნეს, მე კი ისე მივეჩვიე რომ მომწონდა კიდეც.

წინ კიდევ ერთი წელი მელოდება. ალბათ უფრო რთული. მეტი ღამისთევით და უფრო დიდი წიგნებით მაგრამ მიხარია, მიხარია რომ მე ეს შევძელი და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს აღარ ვიქნები ისეთი როგორიც ვიყავი, იმიტომ რომ არასოდეს არ ვაპირებ გავჩერდე.

imagesდ

გამარჯობა ლელა!

გიგზავნი წერილს მომავლიდან. ახლა ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ გადავწყვიტე მომეწერა. თუნდაც იმიტომ რომ ასე თუ გააგრძელებ მე და შენ მომავალში აღარ მოვხვდებით, იმიტომ რომ იქამდე მინიმუმ ხუთჯერ დაგემართება გულის შეტევა.  მართალია ამით “დროის მართვისა და კოსმიური ოდისეის” სამინისტროს კანონებს ვარღვევ მაგრამ ამ ერთს მაპატიებენ (იმედია).

ალბათ მიხვდი, რომ მე ეს შენ ხარ. ოღონდ ცოტა უფრო ბებერი. ნუ იფიქრებ რომ, მომავალი სეზონის ლატარიის ჯეკპოტის მოგებაში დაგეხმარები, არც ის იფიქრო, დროის მანქანით ჩამოვალ და  წარსულში ყველაფერს შეგაცვლევინებ რაც არ მოგწონს. არა, ამას არ გავაკეთებ. ჯეკპოტის მოგება შეგვიძლია, მაგრამ არ გინდა, ისედაც ყველაფერი გექნება, ოღონდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. (ამის მეტს კი არაფერს აკეთებს ჩვენი ახალი დროის მინისტრი_”დროებს” ითვლის). წარსულის შეცვლას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ესეც შესაძლებელია, მაგრამ შენი წარსული და შენი შეცდომები ეს შენი ცხოვრებაა, ცხოვრება კიდევ რვეული არაა წაშალო-თავიდან გადაწერო, უფრო ლამაზად.

მიიღე ყველაფერი ისე როგორც არის, ის მაინც, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. აქ ჩვენთან დროის მანქანა ყველას აქვს მაგრამ არავინ დარბის წარსულში საკუთარი ნამაიმუნარის შესაცვლელად. აქ ფილმივით შეიძლება ჩაწერო შენი წარსული და უყურო, იცი რა საინტერესოა? გადაახვევ, გადმოახვევ და მიხვდები რომ არც ისე დიდი შეცდომები დაგიშვია, მერე ამ შეცდომებზე ისწავლი, მიხვდები რატომ, როგორ და საიდან გახდი ის რაც დღეს ხარ და იმასაც მიხვდები რომ წარსული ძალაა და არა სისუსტე.

მინდა რამდენიმე რჩევა მოგცე და თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება. ვიცი, ახლა ცუდ დღეში ხარ და მინდა დაგეხმარო.

პირველი რაც მინდა გითხრა, ისაა, რომ ნუ გარბიხარ, ასე სწრაფად ნუ დარბიხარ თორემ ჩვენთან, სამინისტროში, შენისთანების (დროის ნომრმალური რიტმიდან ამოვარდნილი გიჟების) შემსწავლელი კომისიაც შეიქმნა და ამ ფენომენს განიხილავენ. გახსოვდეს, ხანდახან უნდა გაჩერდე ხოლმე და ირგვლივ მიმოიხედო, ის წუთები და წამები რომელსაც შენ, შენს საკუთარ ცხოვრებაში გამოტოვებ არასოდეს დაბრუნდება. მართალია ყველაფერი შენახული მაქვს და ხანდახან ვუყურებ ხოლმე, მაგრამ რეალურად განცდილი სულ სხვაა.

კიდევ მინდა გითხრა რომ მადლიერი იყავი ყველა იმ ადამიანის, ვისაც შენთვის სიკეთე თუ ბოროტება გაუკეთებია. კეთილი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან და უნდა გაუფრთხილდე. ის, კი ვინც ტკივილს გაყენებს სინამდვილეში უფრო ძლიერს და ჭკვიანს გხდის და ისინიც უნდა დააფასო ვინც თავისდაუნებურად გეხმარება.

საბოლოოდ კი მინდა დაგამშვიდო იმით, რომ

ამ დროში – შენ ყველაფერი გაქვს რაზეც ოცნებობდი

ამ დროში – გვერდით ის ადამიანები გყავს რომელსაც უყვარხარ შენი მილიონი ნაკლის მიუხედავად

და როგორც იქნა მიხვდი რა გინდა ამ ცხოვრებისგან და ამ ცხოვრებას რა უნდა შენგან, მართალია ძალიან გაგიჭირდა მაგრამ მაინც მიხვდი.

ნუ ნერვიულობ, ნუ ჩქარობ, ნუ გარბიხარ, დაელოდე! ნუ განიცდი ყველა სისულელეს და ნუ ფიქრობ ყველა წარუმატებლობა სამყაროს დასასრულია.

ვიცი, გაინტერესებს რა ხდება ჩვენთან, როგორია ჩვენი სამყარო, მაგრამ ვერ გეტყვი. ვერც იმას გეტყვი რომელი წელია, და ვერც იმას რატომ გამოგიგზავნე ხელნაწერი წერილი. ყველაფერს აქვს თავისი დ რ ო

პ.ს ატირებული მართლა ძალიან სასაცილოდ გამოიყურები. ცრემლებს გაუფრთხილდი. ჩვენთან ცრემლები ისეთი იშვიათობაა, უკვე ცისფერ წიგნში შეიტანეს როგორც გადაშენებული ემოცია.

კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ თქო ვერ გეტყვი, იმიტომ რომ წარმატებები გარანტირებული გაქვს, მე ხომ მაინც ვიცი. 7 ჯერ მაინც მაქვს ჩვენი ცხოვრება ნანახი გადახვევა/დაპაუზება/დაზუმებით.

პატივისცემით მე 🙂

P.S წინასაახალწლო თუ დუ ლისთის ნაცვლად 🙂

boxhead

მთელი სამყარო განსაკუთრებულ მოგუგუნე მანქანად გადაიქცა… ადამიანის შექმნილ სრულიად უსარგებლო ხმაურში თავად ადამიანის ხმა დაიკარგა… აღარ ისმის… სხვისი კი არა საკუთარი ფიქრების ხმაც კი დავკარგეთ… გულწრფელი, ადამიანური, გულიდან ამოსული, ღიმილიანი ხმა…

რაღაც განსაკუთრებული ჯიშის რობოტებად ვიქეცით, ერთნაირი ყალბი ღიმილით, ერთნაირი სახით, გულისა და სულის გარეშე… ყოველი დღე, ყველა ადამიანი იწყება: საჭიროა, აუცილებელია, უნდა, მინდა, ასე უნდა იყოს, ასეა და მეტი არაფერი… სხვას კი არა საკუთარ თავსაც კი აღარ ვუსმენთ… არ ვიცით რა გვინდა, რატომ გვინდა, რისთვის და ასე დილითან გათენებამდე… სიზმრებიც კი მატერიალური გახდა… არანაირი ფერები, უბრალოდ გიჟური დღის გაგრძელება ძილში…

ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ადგილიც კი აღარ არის… სხვების ადგილი არის, ოღონდ ისე კი არა როგორც უნდა იყოს, ისე კი არა, სხვის გულს, ტკივილს და ფიქრს რომ გაიზიარებ, ჩვენი ცხოვრება სხვების “მინდა” სგან შედგება, რომელიც იმდენად მატერიალურია რომ დაფიქრებაც არ სჭირდება, გულთან ახლოს მიშვებაც არ უნდა, არ ითხოვს, არ სჭირდება, მხოლოდ “მინდა”-ც საკმარისია…

დიდი გასაღებით ჩავრაზეთ საკუთარი თავები საზოგადოებრივ ჩარჩოებში, “კომფორტულ” ყუთებში შევიყუჟეთ და იქედან მარტივი გვეჩვენება ჩვენი ცხოვრება… ერთნაირ ყუთებში, ერთნაირი შინაგანი სამყაროთი… გვეშინია ცხვირის გარეთ გამოყოფის, ფრთების გაშლის, მოსმენის, გაზიარებ

ის… მერე? ვაითუ გული გვეტკინოს, ვაითუ სხვებს აღარ ვგავდეთ, ვაითუ ამოვარდეთ ამ გიჟური რითმიდან, ვაითუ ისე გავიზარდოთ რომ იმ ჩვენს პაწაწუნა ყუთებში აღარ დავეტიოთ… მერე რაღა გვეშველება, რა ეშველება იმ ათასობით “უნდა”-ს, რომელიც სხეულის ყველა ნაწილზე წისქვილის დოლაბებივით გვაქვს აკიდებული…

აღარ გვჯერა სასწაულების, სიკეთის, სიყვარულის, სითბოსი, მეგობრობის… უანგარო გრძნობების ადგილი აღარ დარჩა… არავის არ სჭირდება, ნამდვილ გრძნობებს სიმშვიდე უნდა, მოსმენა, დრო, გაზიარება, ჩვენ კი არც დრო გვაქვს, არც სიმშვიდე და არც მოსმენის გაზიარების სურვილი…

ხანდახან ვიღაც გამოჩნდება, სხვასამყაროდან მოსული, ერთ ორ უბედურს, გულს გადაუშლის, მოუსმენს და და დახმარების ხელს გაუწვდის, წისქვილის დოლაბებსაც გაიზიარებს, სხვის გულისცემასაც მოუმენს, მაგრამ ასე მარტივად არაა, მაშინვე დაილაშქრება “წესრიგის დამცველთა საზოგადოება”, ჯერ გადამალავენ, თუ ვერ გადამალავენ, ნიღაბს მოარგებენ, თუ ნიღაბიც ვერ მოარგეს, სიცრუის და ცილისწამების ლაფში გასვრიან, გაჩენას აწყევლილებენ და შეშინებულს ისე მაგრად გამოკეტავენ მისთვის საგანგებოდ შერჩეულ ყუთში, სამარის კარამდე ცხვირს აღარ გამოყოფს გარეთ…

ალბათ ჯერ კიდევ არ არის გვიან… სანამ შეგვიძლია გულწრფელად გავუღიმოთ ბავშვებს, სანამ მათ თვალებში უანგარო სიყვარულის და სიკეთის სხივის დანახვა შეგვიძლია, სანამ შეგვიძლია გვიყვარდეს სიყვარულისთვის, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გვიან…

near-death-experience-1ცხოვრება რომ მარტივი არ არის, ეს ალბათ ახალი არავისთვისაა, თუმცა, ამაზეც შეიძლება იკამათოს კაცმა…

ზოგადად დაბადება, კვება/ძილი კი არაა რთული, რთულია იცხოვრო, გადარჩე, გაიზარდო…

მთელი ჩვენი ცხოვრება შეცდომების და ამ შეცდომების გამოსწორების ძიებისგან შედგება, პატარ-პატარა ომებისგან, ბრძოლებისგან, გამარჯვებისა და დამარცხებებისგან… ადამიანების უმეტესობა შედეგებზე ორიენტირებულია… იმარჯვებ? ესეიგი წარმატებული ხარ, თუ არა და არა… სინამდვილეში თავად პროცესია მნიშვნელოვანი… დაშვებული შეცდომის გამოსწორების გზების ძიებაში იზრდები და არა მაშინ, როცა გამუდმებით სწორად იქცევი და არასოდეს უშვებ შეცდომებს…

ყველაფერს აქვს მიზეზი და შედეგი… არაფერი არ ხდება ისე, ჰოპ და მორჩა… ნებისმიერი ცუდი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში როგორიც არ უნდა იყოს მისი დასასრული რაღაცას გვაძლევს… კარგს, ცუდს, რჩევას, ცოდნას, გამოცდილებას, რაღაცას ისეთს, მნიშვნელოვანს,  რაც მომავალში უფრო ძლიერებს, საინტერესოებს, ჭკვიანებს და წარმატებულებს გვხდის… მთავარია დაინახო…

ყველაზე რთული სწორედ ეს “დანახვაა”… ძნელია, ძალიან ძნელია როცა მიწაზე ბოლომდე ეცემი და წამოდგომაზე ოცნებაც კი არ შეგიძლია, უხილავი საყრდენი ეძებო… ძნელია სრულ სიბნელეში მზის პატარა სხივს დაუწყო ძებნა… გამოსავალი ყოველთვის არსებობს… ყველაზე რთულ ლაბირინთსაც აქვს გასასვლელი… მთავარია საკუთარ უსუსურობაზე არ ჩაიციკლო და იპოვო ძალა, ბრძოლის, ფიქრის… მთავარია არ გაჩერდე და სადაც არ უნდა წახვიდე, როგორც არ უნდა დაეცე, მაინც გადარჩები…

ბავშვობაში სიარულს რომ იწყებდით რამდენი კოპი გქონდათ თავზე… რამდენჯერ დაეცით და წამოგაყენეს… დღეს ვერ ხედავთ ისეთ ადამიანებს ვინც ხელს გამოგიწვდით? ცუდი მხედველობა გაქვთ… ან უფრო უარესი, დახმარების თხოვნა არ შეგიძლიათ, საკუთარი შეცდომის აღიარების გეშინიათ… როგორც კი მიხვდებით, რომ წაქცევა არც ტრაგედიაა და არც სამყაროს დასასრული, როცა მიხვდებით, რომ იდეალური არა ხართ და ხანდახან მაინც უნდა თქვათ დამეხმარეთ, თქვენს გარშემო კეთილი და კარგი ადამიანების ამალა გაჩნდება, ისე, რომ ვერც მიხვდებით საიდან მოვიდნენ…

გადახედეთ განვლილ ცხოვრებას და დაფიქრდით, ძველი შეცდომები დღესაც იგივენაირად გამოიყურება? თქვენი დამარცხება დღესაც ისეთივე მტკივნეულია? ალბათ არა… ქართულ სუფრაზე ტყუილად კი არ სვამენ ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს… სწორედ ამ მოგონებების, ამ დამარცხებების და შეცდომების წყალობით ვიზრდებით…მერე კი ტკბილად გვახსენდება…

და თუ დღეს, ყველაზე რთულ ომსაც მომავლის თვალით შეხდავ, მიუხედავად მოსალოდნელი შედეგისა, შეხედავ როგორც ტკბილ მოგონებას, მიხვდები რომ არაფერია, ბუზისგან _სპილო, მეტი არაფერი… მიხვდები, რომ ეს ეპიზოდიც შენს ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან დასრულდება, ისევე როგორც სხვები დასრულდა და დაიწყება ახალი, რომელსაც სხვანაირი შეხვდები, სხვა ცნობიერებით, უფრო სრულყოფილი… მერე ისიც დასრულდება და ასე შემდეგ…

ჩვენი ცხოვრება სრულყოფილების ძიებას გავს… ჩვენს გარშემო, საკუთარ თავში, შემოქმედებაში… ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით და ვშორდებით რაღაცას, უხილავს და სასურველს… სინამდვილეში სრულყოფილება არ არსებობს, არაფერში… ამ სამყაროში ყოველ შემთხვევაში და სხვაგან ჯერ არ ვყოფილვარ… სინამდვილეში უბრალოდ უნდა იცხოვრო და ეცადო დააგროვო რაც შეიძლება მეტი ომი, ბრძოლა, გამარჯვება, მარცხი, წამოდგომა, დაცემა… ეცადო შენმა სისხლმა ძარღვებში გაუჩერებლად იმოძრაოს… ასე ექნება ცხოვრებას აზრი…

თუ ყველა რთულ გამოწვევას გვერდს აუვლი იმის შიშით რომ არ წაიქცე, როცა მიქელა მოვა, არც გამარჯვების ფასი გეცოდინება და არც მარცხის ტკივილი… ვერ გაიზრდები… აი ასე, გაუზრდელად მოკვდები, საკუთარ ცხოვრებას გამოტოვებ და ისე…

11:31 სიმშვიდეა… სახლში მე და ზუკა ვართ… მყუდროებას მარტო საათის წიკწიკი არღვევს… იდეალური გარემოა ფიქრისთვის, დასვენებისთვის და თვალების დახუჭვისთვისაც… მაგრამ ამ სიმშვიდეში არის რაღაც, რაღაც ისტერიული, რომელიც არ ჩანს მაგრამ იცი რომ არსებობს… აქ სიმშვიდე პირობითია, მოჩვენებითია…

-ოცნება ხომ შეიძლება?

-ვინ მიშლის…

ჩემი სიმშვიდე სადღაც არის, სხვაგან, სადღაც მიყრუებულ სოფელში სადაც სულ რამდენიმე მოხუცი შემორჩენილა… პატარა ძველ ხის სახლში, ბალახ აშლილი ეზოთი… ქვით მოკირწყლული ბილიკით, მიმობნეული მინდვრის ყვავილებით… ბებერი ხეებით…

იქაც ზუსტად ეს დროა… ჩემი სიმშვიდე ამ პატარა სახლის აივანზეა ზის… სარწეველა ხის სავარძელში, პლედით მუხლებზე და დიდი ფაიფურის ჩაის ჭიქით მაგიდაზე… მტვერდადებული, გაცრეცილი რომანით ხელში… წიგნის ფურცლებს ნესტის, ხის, სიძველის სუნი ასდის… ტკბილი და მისტიური სუნი… მხოლოდ აივანს ანათებს მკრთალი შუქი… სახლის გარშემო ისე ბნელა თითქოს შავი საღებავით შეღება უცნობმა აჩრდილმა გარშემო სამყარო… ისეთი შეგრძნება გაქვს რომ სულ მარტო ხარ ამ ქვეყანაზე, შენ, ნათურა, ჩაი, და წიგნი… შენს გარშემო ყველაზე ახლოს მდებარე საგნებიც კი  ლანდებს გვანან, სანამ ხელს არ შეახებ ვერ მიხვდები შენი წარმოსახვის ნაყოფია თუ სინამდვილე…

ნიავმა წამოუბერა, პლედს მაგრად იხვევ და უფრო უახლოვდები წიგნის გმირებს, თითქოს უფრო დაუმეგობრდი და დიალოგშიც აყევი… თქვენ ხომ მარტო ხართ სიმშვიდის სამყაროში… ნიავმს შორიდან ძროხის ბღავილი მოაქვს, მერე ძაღლიც აყვა და მერე ორივე ისევ ჩუმდება… ფოთლები ისე შრიალებენ თითქოს აქვე ყურთან გიმღერიან ყველაზე ტკბილ მელოდიას… ბალახის, მიწის, ფოთლების და მწიფე ხილის სუნის ნარევი მოაქვს ქარს… თვალებზეც წვება ღამე… თანაც უკვე აცივდა… პლედიანად შედიხარ ოთახში და გახამებულ თეთრეულში ეხვევი… ტკაცუნით ტყდება რუდუნებით დაუთოებული ნაკეცები… მერე ისეთი ტკბილი ძილით იძნებ ბავშვობის მერე რომ არ გძინებია ალბათ… მშვიდი და ტკბილი ძილით… ხის კედლებში მწერები ხმაურობენ მაგრამ ესეც კი იავნანასავით ჩაგესმის…

თენდება ჩიტების გალობით, მზის სხივებით და გამჭვირვალე ჰაერით… ჯადოსნური სუნით… თენდება ნამიანი ბალახით, ახლადგაღვიძებული ყვავილებით, ხოჭოებით, კალიებით, პეპლებით… თენდება ჩუმი ხმაურით, ბუნებრივი, ადამიანური ხმაურით, ისეთით როგორიც იყო რამდენიმე ათასი წლის წინაც… შენც თენდები, მზის სხივებით და სამყაროს ტკბილი მელოდიით ივსები…
ეს ყველაფერი ისეთი ნამდვილია, ჰარმონიულია და მშვიდია თითქოს აქ დაიბადე, გაიზარდე და აქვე მიებარები მიწას ახალამოსული ბალახის ქვეშ…

აქ სამყაროს არა აქვს უსაშველოდ დაღლილი ჩუმი ისტერიკა… ყველაფერი ისეთია როგორიც უნდა იყოს…

ყველა პეიზაჟი გენიალური მხატვრის ტილოს გავს, წლობით ნამუშევარს…

ყველა ბგერა ერთი დიდადი მუსიკალური ნაწარმოებია…

შენი ყველა უჯრედი რაღაც ერთი ორგანიზმის განუყოფელი ნაწილია… მუდმივის, გენიალურის აუხნელის, მაგრამ კარგად ნაცნობის…

ჩემი სიმშვიდე სადღაც ცხოვრობს, ჩემგან შორს…

პ.ს 11:59  ვეცდები დავიძნო და ეს ყველაფერი დავისიზრო…