Posted by: leluka25 on: October 28, 2011
რა არის სამყარო? ის რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, ვეხებით, ვგრძნობთ თუ უფრო მეტი რამ…
ჩვენ ვცხოვრობთ, ვჭამთ, ვსვამთ, მეგობრებს ვხვდებით, ვსაუბრობთ, დავდივართ სამსახურში, მაღაზიებში და უბრალოდ ცხოვრებას ვფლანგავთ…
ხანდახან ვფიქრობთ რა რთულია ეს ცხოვრება… ან რისთვის ვცხოვრობთ მაინც ყველანი გაღმა გავალთ… მარილზე…
ხშირად მიფიქრია რა უცნაურია სამყარო ასეთი დიდი, ამას დიდიც აღარ ქვია, გრანდიოზული, წარმოუდგენელი, დიადი, უცნაური და შეუცნობელი, ჩვენ კი ამ სამყაროში პაწაწუნა წერტილები, წერტილები კი არა უჯრედის მემილიონედები ვზივართ და საკუთარ პრობლემებს გრანდიოზულს ვუწოდებთ… სასაცილოა არა?საკუთარ ცხოვრებას რთულს ვუწოდებთ, საკუთარ ტკივილს აუტანელს, ვდარდობთ, ვნერვიულობთ, მივდივართ დასასრულისკენ, ზოგი ფეხზე დამდგარი, ზოგი ოთხზე და ზოგიც ხოხვით…
სულ მაინტერესებს სად მივდივართ? რა გვინდა? რატომ გვინდა? რა არის რეალური სამყაროში და რა არა…
მე ადამიანი ვარ, მე ვარ ქართველი და ვცხოვრობ ერთ პატარა ქვეყანაში რომლის გარეთაც კი არ ვყოფილვარ, ვცხოვრობ პატარა კონტინენტზე, შესაბამისად არც ამ კონტინენტის გარეთ ვყოფილვარ, პატარა დედამიწაზე, პატარა მზის სისტემაში, პატარა გალაქტიკაში და ჩემს გარშემო სამყარო ხშირად მხოლოდ ისაა რასაც ვხედავ, მესმის, ვგრძნობ… ცაზე ვარსკვლავები მხოლოდ მუქ ლურჯ ფონზე გაბნეული პატარა ნათურებია და მეტი არაფერი. დედამიწა ბრტყელია და არც ბრუნავს… მზე მხოლოდ ცაზე გამოკიდებული ბურთია რომელიც მათბობს, დილა მხოლოდ გათენებაა და საღამო მხოლოდ დაღამება… ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია და ადამიანური…
საკმარისია ვიფიქრო რეალურ სამყაროზე, გალაქტიკებზე, შავ ხვრელებზე, ვარსკვლავებზე, მათ ცხოვრებაზე, დაბადებაზე, სიკვდილზე, უსასრულო სივრცეზე ჩვენს გარშემო, საკმარისია ერთი წამით მაინც ვიფიქრო რომ მაშინვე საკუთარი თავი ის მემილიონედი უჯრედი მგონია რაც სინამდვილეში ვარ… ჩემი პრობლემები ამ უჯრედის მემილიარდედი ნაწილი და მგონია რომ აჰა, აი გავქრები… ასეთ დროს იმაშიც კი მეპარება ეჭვი საერთოდ ვარსებობ თუ არა…
საინტერესო შეგრძნებაა…
ხანდახან იმასაც ვფიქრობ რომ გამიმართლა აქ რომ მოვხვდი, ხომ შეიძლებოდა არ დავბადებულიყავი, ან 27 წლამდე არ მეცოცხლა… ჯერ ცოცხალი ვარ და რადგან ამ პოსტს ვწერ ესეიგი უახლოესი წამები არც მოვკვდები…
სამყარო უსასრულობაა… ჩვენი ცხოვრებაც უსასრულობაა, ესაა გზა რომელიც არსად არ მიდის… უბრალოდ გზაა… რისთვის დავიბადეთ არ ვიცით, რისთვის დავათრევთ ამ ცხოვრებას არ ვიცით… ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ ბევრი ფულისთვის და მაინც, არც ფულშია სრულყოფილება, არც ბედნიერებაში… ბალზაკს თუ დავუჯერებთ მხოლოდ უბედურებაა სრულყოფილი, მაგრამ მე არც მაგის არ მჯერა…
წარმოიდგინეთ რამდენი რამე არ ვიცით და ვერც ვერასოდეს გავიგებთ… არა, ის კი არა რაც სხვებმა იციან და ჩვენ არ ვიცით, არამედ უფრო მეტი… საერთოდ ადამიანურ სამყაროში ყველაფერი შედარებითია, რეალურ სამყაროში კი შედარებები არ არსებობს, იმიტომ რომ უსასრულობაა… ამ სამყაროში ვიცით რომ ოკეანე დიდია, და შეიძლება წვეთი ოკეანეს შეადარო, მაგრამ როგორ უნდა შეადარო წვეთი უსასრულობას?
არ გეგონოთ ეს რამე დეპრესიული პოსტია, არა, ესაა ბლაბლაბლა… ვისაც უნდა ისე გაიგებს, ზოგს დააფიქრებს, ზოგს არა… ზოგი ჩემსავით მიხვდება რომ დღევანდელი წამით უნდა იცხოვრო სანამ ცოცხალი ხარ… ბედნიერი უნდა იყო რომ დაიბადე და ცოტა მეტად უნდა მისცე საკუთარ თავს იმის უფლება იგრძნო… სამყარო იგრძნო… სხვანაირად ფიტული იქნები, მოსიარულე მკვდარი…
მე მიყვარს სიცოცხლე… ეს სამყაროც მიყვარს… გაიღიმეთ და იყავით ბედნიერები იმით რაც გაქვთ, რასაც ხედავთ, რასაც გრძნობთ და ეხებით და ნუ იქნებით უბედურები იმით რაც არ გაქვთ… დატკბით ყველაფრით გათენებით, დაღამებით, მუსკით, ხელოვნებით, ბუნებით, ყველაფრით რაც ცოტათი მაინც დაგავიწყებთ თქვენს უსუსურობას, პაწაწინა “გადაუჭრელ” პრობლემებს და ყოველდღიურობას… საკუთარი თავი წარმოიდგინეთ არა როგორც რაიმე მტვრის ნაწილაკი რომელიც ჰაერში გაიფანტება არამედ როგორც ნაწილი, ერთი დიადი, უსასრულო ორგანიზმის ნაწილი…
Posted by: leluka25 on: July 26, 2011
თვალები როგორც კი გავახილე უცნაური ფიგურები დავინახე… უფრო აჩრდილები იყო, ჩემთვის უცნობი… არც გარემო მეცნო, ფილტვებშიც რაღაც უცნაური ვიგრძენი…სულაც არ მინდოდა მეტირა მაგრამ ვიღაცამ იყვირა_არ ტირისო და ამ დროს ტკივილი ვიგრძენი… ავტირდი, ვინ არიან ესენი, რა უნდათ, ვერავის ვერ ვცნობ… მთელი ხმით ავტირდი… მერე ნაცნობი სუნი მეცა და ძებნა დავუწყე… ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე… ამ სუნს დედა ქვია… მაგრად ჩავეხუტე და გულის ცემა გავიგონე, ნაცნობი, ტკბილი… ხმა რომელიც არასოდეს დამავიწყდება… ჩემი გულის ნაწილი რომელიც ამ ხმასთან ერთად ისმის და სანამ დედა ჩემთან იქნება არასოდეს გაჩუმდება…
ახალი ცხოვრება დავიწყე, ჩემთვის უცნაური, მაგრამ საინტერესო… ყველაფერი ახალია… მამაც გავიცანი, არ მოეწონა, სულაც არ გას დედას და არც ნაცნობი სუნი აქვს, მაგრამ ნელნელა ვეჩვევი.. თანდათან მომწონს… ვფიქრობ ესაა დედა, რომელსაც არა აქვს საჭმელი… მაინც კარგია… ბევრი ხალხი დადის ჩემს სანახავად, მათვალიერებენ, ზოგი მოდის და მკოცნის… მე ხან ვიღიმები ხან კი ვტირი… იმიტომ კი არა რომ მეცინება ან მეტირება, უბრალოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე…
ძალიან მალე ადამიანების სახეები უფრო გარკვეული გახდა… დედას და მამას ისევ სუნით ვცნობ მაგრამ დანარჩენებს სახეზეც ვხედავ… ვხედავ ჩემი საწოლის თავზე სათამაშოებს რომელიც ძალიან ლამაზია… მესმის მუსიკის ხმა და ყველანაირი ხმაური… უკვე აღარ ვტირი… დედის ხმაზე, მამის დანახვაზე ვიღიმები… რა მაგარია აქაურობა… ლამაზი ოთახი, გემრიელი საჭმელი, დედა და მამა… რატომ უნდა ვიტირო?
თანდათან ვსწავლობ ლაპარაკს, დადა, მამა, აღუ… მეტი არც არაფერი ვიცი მაგრამ როცა ვხეადავ ჩემი ყველა გაღიმება როგორ უხარიათ, ყველა გამოხედვას რამხელა გმირობაში მითვლიან მეც მიხარია და ხმამაღლა ვკისკისებ. დედას სასეირნოდ დავყავარ… რა მაგარია ეს ყველაფერი და რა უცნაური. ამდენი ხალხი, უზარმაზარი ხალხი, უზარმაზარი მანქანები, სახლები და ხეები… მე მაინც ვიცინი… მომწონს ეს ყველაფერი, ძალიან მაგარია.
ერთი, ორი, სამი და აი, დავდივარ… ხანდახან ვეცემი მაგრამ ყველა ჩემი ნაბიჯი წარმატებაა და ისე მიხარია ეს წარმატება, რომ სულაც არ მტკივა გატეხილი თავი და დალურჯებული შუბლი, რომელსაც ყოველ დღე ახალ ახალ ადგილას ვილამაზებ… ბევრი რამის სახელი ვისწავლე… კიდევ რამდენი უნდა ვისწავლო… რამდენი რამეა ამ ქყვეყანაზე… რამდენი მაგარი რამე… მე კი ძალიან პატარა ვარ…
დღითიდღე სამყაროს ნაწილი ვხდები… როცა დედა იავნანას მიმღერის ვგრძნობ როგორ იღვრება ჩემში მუსიკა… როცა დედა უკრავს ვინაბები და ვგრძნობ ყველა ბგერას… მყველაფერ ჩემს გარშემო ჩემია, მე მეკუთვნის მე კი მისი ვარ… ყველაფერი ნამდვილია, ყველაფერი სასწაულია, ყველაფერი მიყვარს…
პირველად თოვლი რომ ვნახე ერთი წლის ვიყავი… აქამდეც მქონდა ნანახი ციდან წყალი როგორ მოდიოდა მაგრამ ეს უფრო მაგარი იყო… თეთრი რაღაც მოდიოდა ციდან. ფეხს რომ დაადგამდი ფეხსაცმლის ძირი ეტყობოდა… ნეტავ ვინ მოიგონა ამდენი რამე, ამდენი სასწაული…
სამი წლის გავხდი… მე უკვე ვიცი რომ დედამ გამაჩინა, მგონია რომ ცოტათი მამამაც გამაჩინა, აბა ასე რატომ ვუყვარვარ? მეც ძალიან მიყვარს… ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს ეს ორი ადამიანი ვინც ამ საოცარ ქვეყანაში მომიყვანა… მაგრამ არ ვიცი ვინ გააჩინა ეს ქვეყანა, ასეთი ლამაზი, უცნაური და დიდი… დღე არ გავა ახალი რამე არ აღმოვაჩინო… ერთი კი არა, ძალიან ბევრი… არ ვიღლები მისი დათვალიერებით, კითხვით: “ეს რა არის?” “ეს რატომ არის?” “ეს რას აკეთებს?” დედა და მამა ლექსებს მასწავლიან, ლექსებიც მიყვარს, სიამოვნებით ვიმეორებ, ზღაპრებიც მიყვარს ძილის წინ რომ მიკითხავენ… ზღაპრებში კიდევ უფრო დიდი და უცნაური სამყაროა, წარმოვიდგენ როგორია და მერე მეძინება… ძილში ვაგრძელებ და ვიღიმები… სიზმარში ფერადი ყვევილების ცისარტყელაზე ვზივარ და ვქანაობ, ჩანჩქერზე ფოთლებით ვსრიალებ, სპილოს ლაგამს ამოვდებ და დავაჭენებ, მზის სხივებს ხელში ვიჭერ და გულში ვიხუტებ… ჩემი სიზმრებიც ლამაზია, ჩემი სამყაროც, ჩემი დედიკო და მამიკოც და როგორ მინდა გავიგო ეს ყველაფერი ვინ მოიფიქრა? ნეტავ ჩემთვის მოიფიქრა? იმდენი კითვა და ცოტა პასუხები… მინდა მეტი გავიგო და ვისწავლო… დედაც ამას მეუბნება…
ყოველი დღე ღიმილით იწყება და კოცნით მთავრდება, ყოველი ღამე კი ფერადი ლამაზი სიზმრებით… ოცნებაც ვისწავლე… იცით რაზე ვოცნებობ? ძალიან ბევრ რამეზე… ხან მინდა ტელევიზორში ვიჯდე, ხან მინდა პრინცესა ვიყო, ხან დედოფალი, ხან მინდა ყველაზე დიდი ვიყო, სახლზე დიდი… რამდენი რამე მინდა…
ყველაფერი მიხარია და მაოცებს, მიკვირს ხეები რატომ იზრდებიან? ცისფერი ყვავილი როგორ ამოდის მიწიდან როცა მიწა შავია? ან ჭრელი ძროხა თეთრ რძეს როგორ გვაძლევს? ჩიტები რატომ დაფრინავენ და მე ვერა? (ისე ერთი ორჯერ კი ვცადე, სამზარეულოს მაგიდიდანაც გადმოვხტი, საწოლიდანაც მაგრამ ფრენა ვერ ვისწავლე და თავი დავანებე) მზეს რატომ ვერ ვწვდები? იმდენი ვარსკვლავები ვინ მობნია ცაზე? ღრუბლები დაბლა რატომ არ ჩამოდიან?
წვიმს?_მიახრია. მზეა?_მაინც მიხარია. თოვლია?_უფრო მიხარია… ყველაფერი მიხარია… მინდა დიდი გავიზარდო რომ უფრო მეტი ვიცოდე, დედასავით ლამაზი ვიყო და მამასავით საქმიანი… მინდა… მინდა… მინდა…
რომ მცოდნოდა როცა დიდი გავიზრდებოდი აღარც მზე გამახარებდა, აღარც წვიმა და თოვლი, აღარც ჩემს გარშემო შექმნილ სამყაროს შევხედავდი აღფრთოვანებით და სასწაულის მოლოდინით, ვეღარც ფერად სიზმრებს ვნახავდი, აღარც დედა დამაძინებდა, არც ზღაპრებს წამიკითხავდა ვინმე, მანქანის დაბურული შუშებიდან ვერაფერს დავინახავდი, ვარსკვლავებსაც გულგრილად ავხედავდი, თბილ ნიავს კონდიციონერს ვამჯობინებდი, სეირნობას_საინფორმაციო გამოშვების ყურებას, თვე ისე გავიდოდა დედას და მამას არ ვნახავდი, ბევრ ტყუილს ვიტყოდი, ბევრ ადამიანს ვატკენდი გულს, ბევრი მე მატკენდა… ჩემს გულში მეასედი სიყვარული, აღფთოვანება, სიხარულიც არ დარჩბოდა რაც იყო…
ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა არასოდეს გავიზრდებოდი…
Posted by: leluka25 on: March 30, 2011
ეხლა თეთრეულს ვფენდი და ეს იდეა გამიჩნდა… ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა თეთრია და რა ლამაზი, ხვალ დილით მზე ამოანათებს და მზის სხივებზე იბრჭყვიალებს მეზობლების გულის გასახეთქადთქო (ახლა არ მკითხოთ შენ თუ პატიოსანი ქალი ხარ ღამის პირველ საათზე რა თეთრეულის გაფენა აგიტყდაო… რას იზამ, მძიმეა დიასახლისის ხვედრი:))))
მოკლედ, ყველას ქალს, გოგოს, მოკლედ მდედრობით სქესს ბავშვობიდან გვასწავლიდნენ რომ “მეზობლების გულის გასახეთქად” თეთრეული მუდამ თეთრი, კრახმალიანი და ლამაზად გაფენილი უნდა ყოფილიყო… ეს ერთგვარი ხელოვნება იყო და სარეცხის მანქანების არ არსებობის ეპოქაში საკუთრი კაი ქალობის დამტკიცება…
მიუხედავად ამისა, ამ სწავლებისა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან, ყველგან ჩვენს გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო ჭუჭყიანი თეთრეული ფრიალებს… თან გვიხარია… რა გვიხარია? გასარეცხი, დიდი ხნის გასარეცხი თეთრეულითაა სავსე საზოგადოება და ერთი კაი კერხერი რა გახდა, ბიუჯეტში თუ არაა გათვალისწინებული ვთხოვოთ ნატოს (ეგ კაი დიასახლისი ყოფილა) და გამოგვიგზავნის…
გაიხედეთ გვერდით მეზობლად, დგას მაყვალა, დაუღია პირი და თავის რძალს ლანძღავს… რატომ? თურმე საშინელი დიასახლისია, ბავშვებსაც ვერ უვლის, სვამენ ეგ და ჟუჟუნა ყავას და მაყვალა თავის რძალზე უყვება, საბრალო, როგორი დაჩაგრულია… იმის ნაცვლად რომ მივიდეს, უთხრას, ასწავლოს, დგას პირდაღებული და მეზობლებთან ფენს საკუთარ ჭუჭყიან თეთრეულს, არა ამას თეთრეულიც აღარ ქვია_ნიფხვებს.
ახლა გადახედეთ საზოგადოებას, საკმარისია რამე ცუდი მოხდეს ქვაყანაში რომ ერთი სული აქვთ სანამ ამ ყველაფერს არ გამოფენენ, ამ სუნიან ამბებს ქუჩაში არ გამოკიდებენ, მერე გაჩითავენ, გამოჩითავენ, გაფურჩქნიან, ბევრჯერ დაყნოსავენ და ან ნაგავზე გადაყრიან უფრო მეტად ასაყროლებლად ან კიდევ ქუჩაში მიატოვებენ…
მარტო იმედის სიუჟეტი რად ღირს განათლებაზე… იმის ნაცვლად რომ ვინმეს მაინც წამოცდენოდა რა უნდა ვქნათ, ერთი პატარა სარეცხის ფხვნილი მაინც ეჩუქებინა ჩვენთვის გამოაძვრეს ჩვენი სუნიანი თეთრეულები და სახეზე აგვაფარეს… აი ეს ხართ თქვენო!!! მეტის ღირსები არ ხართო… მერე გამოვიდა საზოგადოების ერთი ნაწილი და თქვა რომ თვითონ სხვა პლანეტიდან არის და ეს ყველაფერი სიზმარშიც კი არ უნახავს, მეორე ნაწილმა თქვა რომ ვაიმეო, ეს რა შარში ვართო და კარგად გაფურჩქნეს, რაც შეიძლება მეტი ლაქების საპოვნელად… მესამე ნაწილი დაწვა და დაიძინა–ერთი თქვენც მოგცლიათო…
გადახედეთ ფორუმებს რომელიც ჩვენი საზოგადოების “ინტელექტუალების” თავშეყრის ადგილია, ინტელექტუალების თუ არა იმდენად განვითარებულების მაინც, რომ ვებ გვერდზე შესვლა და პაროლის აკრება იციან, ხო, ბეჭდვაც რასაკვირველია… ყველგან, ყველგან აქოთებულ თეთრეულს აფრიალებენ, თავისას, მეზობლისას, ქვეყნისას, სხვისას… ერთი მადლიანი მრეცხავი რა გახდა კაცო, თუმცა ერთი არ ეყოფა, ბევრი გვინდა, ერთს სული გაძვრება, ან გააძვრენენ…
შემომხედეთ მე, ახლა რას ვაკეთებ? მეც ჭუჭყიან თეთრეულს ვაფრიალებ… რატომ?
ვაღიარებ, ეს მეც ბევრჯერ გამიკეთებია…
ეს ერთი მაპატიეთ, ამის მერე გავრეცხავ და ისე გამოვფენ…
Posted by: leluka25 on: March 26, 2011
და არამარტო მე… თქვენც ასეთები ხართ, ყველანი ასეთები ხართ… არ გჯერათ?
იმ დროიდან მოყოლებული რაც ცხოვრება რთული გახდა, რაც ადამიანის არსებობა უამრავმა ერთი შეხედვით აუცილებელმა და გადაუდებელმა საზრუნავებმა შეავსო ნელ–ნელა დავკარგეთ დანახვის, მოსმენის და ლაპარაკის უნარი… აღარ გვესმის, ვეღარ ვხდავთ და აღარც ვალაპრაკობთ…
აბა გაიხსენეთ ბოლოს როდის მოგისმინეს? ბოლოს როდის გკითხეს რა გაწუხებთ, როგორ ხართ, რას გრძნობთ, რას განიცდით? ისე კი არა ქუჩაში რომ დიდი ხნის ნაცნობი შეგხვდება და გკითხავს: “როგორ ხარ?” შენ კი უპასუხებ “რავიცი კარგად” ცუდადაც რომ იყო მაინც ასე უპასუხებ, აბა სხვანაირად როგორ? იმიტომ კი არა რომ მიეჩვიე ასეთ პასუხებს, იმიტომ რომ თუ ეტყვი როგორ გტკივა გული რომ სამყარო ასეთი სასტიკია, ცუდად ხარ, ავად ხარ, გშია, გწყურია,_ ის უბრალოდ არ მოგისმენს, არ კი არა_ვერ მოგისმენს… იმიტომ რომ მას დაავიწყდა როგორ უნდა მოუსმინო ადამიანის გულისცემას… ჩვენ ყველას დაგვავიწყდა…
რაღა უბრალო ნაცნობი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, თითქოს მთელი სამყარო დაყრუვდა… ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის, ისეთი დახუნძლული ვართ საკუთარი ცხოვრების ტვირთით, სხვისას ვეღარ ვამჩნევთ… ბოლოს როდის მოგისმინეს? ან თქვენ როდის მოუსმინეთ გახსოვთ? ისე კი არა დაქალები რომ დაჯდებიან ყავის დასალევად და ათას სისულელეზე ჭორაობენ… თქვენი გულისცემა მოუსმენია ვინმეს? უდაბნოში მოხეტიალე არსებებს დავემსგავსეთ არ ის ვიცით სად უნდა წავიდეთ, არც არაფერი გვესმის და გარშემოც მხოლოდ ქვიშის ბორცვებია, უდაბნო სახეს იცვლის როცა ქარი დაუბერავს, გვეჩვენება რომ რაღაც შეიცვალა, ერთფეროვანი აღარაა, მაგრამ მაინც ქვიშაა…
როგორც ყველა დაბადებიდან ყრუ, მუნჯებიც ვართ… რა აზრი აქვს ლაპარაკს როცა არავინ გისმენს? ან კი როგორ უნდა ისწავლო ლაპარაკი როცა არაფერი გესმის?
დავდივართ, დავდივართ და ვერაფერს ვხედავთ… ამ ბოლო დროს ქუჩაში მათხოვრებსაც ვერ ვამჩნევ… იმიტომ კი არა რომ ისინი აღარ არიან, მე დავბრმავდი… ვერ ვხედავ თუ როგორ არა აქვს საჭმელი შვიდ შვილიან დედას, როცა მე ხშირად მიფუჭდება, როცა ვწუწუნებ ჩამოხეული შპალერის გამო, სხვას სახლი საერთოდ არა აქვს… ვწუწუნებ რომ ხელფასი არ მყოფნის და სხვა ნაგავში ეძებს საჭმელს… შემიმჩნევია, განა არ შემიმჩნევია მაგრამ ვერ ვუყურებ, არ მიდის გულამდე, ტვინამდე, სულამდე, იმიტომ არ მიდის რომ არ შემრცხვეს, იმიტომ არ მიდის რომ არ ვაღიარო: ეს უსამართლობაა, იმიტომ რომ არ შემიძლია მივიდე და ვუთხრა წამოდი ჩემთან და კაი ჩახოხბილს გაჭმევთქო… რატომ არ შემიძლია?_ არ ვიცი… ალბათ იმიტომ რომ თვალებდახუჭული ცხოვრება ადვილია…
წარმოიდგონეთ უზარმაზარი ხვეული კიბეები სადაც ადამიანები ზემოთ და ზემოთ მოძრაობენ, შენ ვერ ხედავ ვინც შენს უკანაა და ვერც იმას გადაახტები ვინც შენს წინაა… ვინც შენს დაბლაა საერთოდ ვერ ამჩნევ… არ უნდა გაჩერდე… სულ ბოლოს ახვალ და ტყაპ! ძირს გამოვარდები, დახუჭავ თვალებს ისევე როგორც ყველა, სულერთია რომელი საფეხურიდან გადმოვარდა…
არ ვიცი რატომაა სამყარო ასეთი უსამართლო, რა მოხდებოდა უფრო კარგი რომ ყოფილიყო ყველასთვის… თუნდაც გვქონოდა შესაძლებლობა ერთმანეთის ტკივილი დაგვენახა, არ გვეთქვა ან გვეფიქრა რომ ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და მანვე უნდა გადაწყვიტოს… შია?
მერე რა… ცხოვრება ასეთია და მორჩა!
მერე და რატომაა ასეთი?
ვიცი?_
არ ვიცი…
შემიძლია შეცვლა? ალბათ შემიძლია ჩემი წილი შევცვალო… რატომ არაფერს ვცვლი? ალბათ მეშინია… ბევრი რამის მეშინია…
Posted by: leluka25 on: February 14, 2011
დღეს ალბათ ამ თემაზე ბევრი პოსტი დაიწერება და ბევრი ითქმება ბლოგებზე, სტატუსებში, ფორუმებზე, მესიჯებით, პმ–ებით, ჩათებში, რესტორანში, ბარში, ტაქსში, ავტობუსში, სადარბაზოში, სასტუმროს ნომერში და ძალიან გაჭირვებულებისთვის ვერის ბაღში
ზოგი ტყუილი, ზოგი მართალი, ზოგი ზედმეტად გადაჭარბებული, ბანალური და გაცვეთილი, ორიგინალური და ერთადერთი… ბევრი სამუდმოდ ერთგულების ფიცი რომელიც ადრე თუ გვიან დაირღვევა… ქუჩაში უფრო მაგრად მიხუტებული და ხელჩაკიდებული წყვილები…
მოკლედ დღეს დიდი დღეა დიდი
მე კი, როგორც ადამიანი რომელსაც ყველაფერს უკუღმა აკეთებს, დღეს მის არსებობა–არარსებობაზე მინდა დავწერო…
სიყვარულზე წერენ პოეტები, არაპოეტები, განიცდის ყველა განურჩევლად სქესისა, ფერისა, რასისა, ქონებრივი მდგომარეობისა და ასე შემდეგ… ადამიანები რომლებსაც პირველად ეცემათ ეს გრძნობა თვლიან რომ ეს სასწაულია…
თუ გავითვალისწინებთ რომ ადამიანი თავად სასწაულია მაშინ სიყვარულის შეიძლება ამ სასწაულის ნაწილად ჩაითვალოს… თუმცა მეცნიერულად ამას ჰორმონების აჯაფსანდალი ქვია
და როცა თქვენ გგონიათ რომ ჭინკები დადიან მუცელში და თვალებში პროჟექტორები ანათებენ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ჰორმონალური ძვრებია…
ჰორმონებზე ლექციის კითხვას არ ვაპირებ რამდენიმე ბანალურ სიუჟეტს შემოგთავაზებთ და დასკვნაც თქვენ გააკეთეთ: არსებობს თუ არა…
ყველაფერი იწყება ასე: გაიცანით მეზობელთან, მეგობართან, ტელეფონით, სამსახურში, სკაიპით, მესენჯერით ან სულაც ქუჩაში დაჯახეთ ყველაფერი ერთი რამით მთავრდება: სულ მასთან გინდა, მის გარეშე გგონია რომ ცუდად სუნთქავ, იძინებ მასზე ფიქრობ, იღვიძებ ისევ, ყველაფერს მისთვის აკეთებ, მის გარდა ვერავის ამჩნევ, გგონია რომ დედამისწა მის გარშემო ბრუნავს… როცა ერთმანეთს ხვდებით გარშემო ყველაფერი გავიწყდებათ, სულერთია სად ხართ ხალხმრავალ ადგილას თუ განმარტოებით მხოლოდ არსებობს თქვენ ორნი… დახუჭული თვალებით დადიხართ და ერთმანეთს ხედავთ, ყველგან და ყველაფერში…
მოკლედ ეს სიგიჟე ადრე თუ გვიან მთავრდება, ძირითადად მენდელსონის მარშის და სტუმრების წასვლის თანავე თუ სიძე იმდენად ფხიზელი აღმოჩნდა რომ რამე მოახერხა… ან რომელი საუკუნეა რა დროს მარშია… ჯერ სადმე ბუჩქებში, საწოლში, მანქანაში, სასტუმროში… მოკლედ ვნება რომელიც ერთმანეთისკენ ასე გიზიდავდათ ცხრება… მერე იწყება ისევ თავიდან ოღონდ ცოოტა სხვანაირი… სექსი, სექსი, სექსი… დილას, შუადღეს, საღამოს, ჭამის წინ და ჭამის მერე… საწოლში, იატაკზე, მანქანაში, აბაზანაში, სახურავზე… მერე ეს ვნებაც ცხრება და იწყება ახალი ოღონდ ქმრის გარეშე… ცოლი სამზარეულოში, იატაკზე (მოსახეხად), ჭამის წინ და ჭამის მერე (საჭმლის დასასხმელად და ასალაგებლად) აბაზანაში, საწოლში, ნუ სახურავზეც ანტენის გასასწორებლად
ერთ სიტყვით დაახლოებით 2 წელიწადში (ცოტა მეტი/ცოტა ნაკლებში) ჰორმონები თავის ადგილას ლაგდება, ყველაფერი მთავრდება და რჩება მხოლოდ ასე: “გახსოვს რა კარგი იყო 10 წლის წინ რესტორანში რომ ვიყავით?” “გახსოვს კინოში 1999 ში რა მაგარი ფილმი ვნახეთ?” და გრძელდება ასე: “ხოდა მაგ ძველი დროის ხათრით ერთი ჩემსკენ გადმოწექი” “უიიიი მეხი კი დაგაყარე რა დროს ეგეთებია” “უუუხ შენი ქალობა… “
არაფერი ამ სამყაროში არაა მუდმივი და ნურც იმის ილუზია გექნებათ რომ სიყვარული მუდმივია…
ნურც ყურებს ჩამოყრით ყველაფერი მთლად ასეც არაა…
უბრალოდ როგორც ყველაფერს, სიყვარულსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, თუ მოუვლი, თუ ყოველდღე მოეფერები და სითბოთი და ალერსით მორწყავ არასოდეს დაჭკნება… თუ არადა ყველაფერი ასე იქნება ან უფრო უარესად…
და მაინც, დღევანდელი დღის ხათრით მაინც დავწერ: ის მაინც არსებოოოოოოობს
თუ _არა
კი
თუ _არა,
ხან კი_ხან არა…
გაძლებას გისურვებთ
)) არა, ასე კი არა, კააააი გაძლებას გისურვებთ
))
Posted by: leluka25 on: January 26, 2011
ბევრისთვის ნაცნობი, ბევრისთვის მტკივნეული, ბევრისთვის ჯერ უცნობი, თუმცა გარდაუვალი პრობლემა…
თემა, რომელიც ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს, დაფიქრდეს და ცოტა ხანი მაინც იფიქროს თუ საერთოდ ფიქრი შეუძლია
რა არის მიზეზი იმისა რომ ქალები რომლებსაც აღმერთებდით, ქალები რომლის დანახვაზეც თვალები გიბრწყინავდათ, ქალები რომლისთვისაც ათასი სისულელე ჩაგიდენიათ, უბრალოდ ცოლები ხდებიან…
ქალები რომლებსაც კოცნაც ძლივს აკადრეთ ნასკებს გხდიან, სამზარეულოში დგანან დილიდან საღამომდე და მადლობასაც აღარ ეუბნებით… ქალები, რომლებიც იდეალურები გეგონათ ადრე, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ რომ თურმე დიდი ცხვირი აქვს, გაღუნული ფეხები და გაქუცული თმები და თურმე უმაკიაჟოდ ურჩხულს გავს, ნამდვილ ურჩხულს…
ადრე მხოლოდ მას ხედავდით, ყველა ქალში ეძებდით, ყველას მას ადარებდით, ახლა ყველას ხედავთ მის გარდა, კოჭლსაც, ბრუციანსაც, მახინჯსაც, ოღონდ მას არა… სად მიდის ვნება, გრძნობა, აღფრთოვანება, სად გარბიან ჭიანჭველები და პეპლები რომლებიც მის დანახვაზე გაწუხებდათ? დააკონსერვეთ და კუთხეში მიაგდეთ?
იქნებ სიყვარული ოცნებაა… ილუზია რომელიც ადამიანებმა ცხოვრებაში ფერების შესატანად გამოიგონეს… ან იქნებ მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონების დროებითი ქაოსია, რომელიც დროთაგანმავლობაში ლაგდება და თავის ადგილს უბრუნდება?
ერთის მხრივ
“საჭმელს მარილი აკლია”
“სახლი რას გავს”
“პერანგი გასაუთოვებელი დაგრჩენია”
“სარეცხი გასარეცხია”
და მეორეს მხრივ
“სად მიგაქვს ფული ხო არ იცი”
“ამ სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ შენ კი პულტით ხელში დივანს ზილავ”
“ისევ დალიე? ლოთი, საზიზღარი ლოთი”
“დღეს არა დაღლილი ვარ, არც დღეს თავი მტკივა, უი არც დღეს, არც ხვალ…”
იქნებ ეს ყველაფერი ეს ერთი შეხედვით წვრილმანი რომელიც ათასობითაა ყოველდღიურობაში კლავს პეპლებს… თუ არ კლავს აძინებს მაინც… ანადგურებს გრძნობებს, თუ არ ანადგურებს მისი არარსებობის ილუზიას ქმნის… აქრობს აღფრთოვანებას და ტოვებს სასტიკ ყოველდღიურობას სადაც ახალი და ლამაზი არაფერია…
რჩება სახლი, რომელშიც ოჯახი არაა, რჩება გული რომელშიც სიყვარული არაა, რჩება ყოველდღიურობა რომელშიც შენი ნახევარი არაა, უმარილო საჭმელივით რჩება თეფშზე…
რატომ კლავენ ადამიანები ყველაფერს რაც კარგია და აშენებენ უარესს? რატომ ჭრიან ხეს და აშენებენ უსახურ შენობებს? აქრობენ ღიმილს და აჩენენ ცრემლებს… იქნებ სწორედ ესაა კაცობრიობა, ცხობრება სადაც სიყვარულის ადგილი არაა, არც სიცოცხლის ადგილია…
მოდით, ქალებო, მამაკაცებო, ცოლებო, ქმრებო, გაიხედეთ გვერდით, თუ ვინმეს დაინახავთ რომელიც ნაბიჯს ელოდება, ერთ ნაბიჯს რათა ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ის ისევ ისეთია როგორიც იყო, შეიძლება ჭაღარაშერეული, სახეზე ნაოჭებით მაგრამ მაინც ისევ ისაა… ნუ მოკლავთ იმას რაც ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად… ნუ უარყოფთ ამ ყველაფერს უბრალო წვრილმანების გამო… აპატიეთ, გიყვარდეთ…
(მაპატიეთ მამაკაცებო ცოტა თუ ბევრი ტენდენციურობისთვის რომელიც სუსტი სქესის მიმართ გამოვიჩინე, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ იმიტომ რომ ამ ყველაფერს თქვენზე მეტად განიცდიან…)
Posted by: leluka25 on: January 10, 2011
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, არც კარგი და არც ცუდი… ისე მგონია რომ მაინც არავინ კითხულობს ამ ყველაფერს… თუმცა თუ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ ვიღაცეები კითხულობენ და თუ კომენტარებს გადავხედავთ, უფრო სწორად უკომენტარობას, ვინც კითხულობს იმათ კიდიათ…
კონკრეტულის არაფრის დაწერას არ ვაპირებ და არც არაფერი მომდის თავში… ისე ჩემთვის რამეს დავწერ…
საახალწლო პოსტის გამოცხობა მინდოდა მაგრამ ჯერ არ მეცალა, მერე დავიკიდე ძალიან ბანალური იყო… ყველა დღესასწაულის წინ სენტიმენტალურ–დეპრესიულ ხასიათზე ვდგები… კარგი რამეების ნოსტალგიები მაწვება და ცუდი რამეების დატირებას ვიწყებ… ოხ ამ ქალებს როგორ გვიყვარს საკუთარი მე–ს დატირება…
როგორც ყოველთვის: არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება, წელსაც რამდენიმე შანსი გავმაზე რამე შემეცვალა საკუთარ ცხოვრებაში უკეთესობისკენ, კარგი და ახალი არაფერი მისწავლია რამდენიმე გინებას თუ არ ჩავთვლით და არც არაფერი წამიკითხავს წესიერი… მოკლედ 2010 წელი მხოლოდ იმით იყო მნიშვნელოვანი რომ 1 წლით მივუახლოვდი იმას რა, ჩვენ რომ ვიცით და ვერ ავცდებით…
აი მაგ ჩვენ რომ ვიცით–ზე მინდა ერთი ორი სიტყვა გითხრათ, არა, ჩუმად გაგიმხილოთ… რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მეშინია, რაც უფრო მეშინია, მით უფრო ვგრძნობ როგორ მიახლოვდება… ეს ისე, ჩუმად, ხმამაღლა კი: მოვიდეს და ვნახოთ ვინ უფრო მაგარ ჯანზეა
კიდევ ერთი წელი სიცოცხლის… არასოდეს მიყვარდა სიცოცხლე, საკუთარი ყოველშემთხვევაში, ვთვლიდი რომ ეს იყო ჩემს დაუკითხავად (ასეცაა) მოჩეჩებული ჯვარი, რომელიც წესით ვინმეს უნდა ეკითხა ჩემთვის და ისე უნდა აეკიდებინა… სულაც არ ვიტყოდი უარს ერთი ორი ათეული წელის გაჩუქებაზე… ისიც მეგონა რომ ჩვეულებრივად, ადამიანურად ცხოვრება მეტისმეტად უინტერესო და ბანალური იყო… ასე ხომ ყველა ცხოვრობს და მე რატომ უნდა მინდოდეს ამ უზარმაზარ ცომის მასაში, რასაც კაცობრიობა ქვია, ფქვილის ერთი პატარა ნამცეცი ვიყო… არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ნამცეცი… მეგონა თუ ღრუბელზე არ შემოვჯდებოდი, ხელში ქნარს არ დავიჭერდი და ჰაერში ფეხებს არ ავატყაპუნებდი ისე ცხოვრებას რა აზრი ქონდა…
თუმცა ყველაფერი ძალიან დაბლა ყოფილა, ყველაფერი მარტივია… ძალიან მარტივი და გენიალური… ყველაზე პატარა ყველაზე მცირე სიხარულები ცხოვრებაში უზარმაზარ ბედნიერებას იძლევა… მუჭში ვაგროვებ წამებს და კალთაში ვიყრი… მინდა ბევრი დავაგროვო… სიკვდილის წინ გამოვუშვებ და იმ ადამიანებს დავუტოვებ ვინც მიყვარს…
იმდენი სიხარული იყო ამ წელს, იმდენი პატარა სიხარულები ჩამოთვლაც კი გამიჭირდება… წუთები, წამები, საათებიც კი როცა ფიქრობ რომ ამისთვის ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა…
რამდენი მიწერია, ვითომ არაფრის დაწერას არ ვაპირებდი… იყოს ეს ერთი პოსტი ყველანარი ჩასწორებების, წინასწარი მომზადების და კალკულატორის გარეშე…
Posted by: leluka25 on: December 15, 2010
დღეს კიდევ ერთხელ დავსერიოზულდები და საკმაოდ მტკივნეულ თემაზე ვისაუბრებ… თემაზე რომელთანაც შეხება ყველა ჩვენგანს გვქონია ერთხელ მაინც ცხოვრებაში, გული გვტკენია, ხანდახან იმდენადაც რომ სიგიჟის ზღვარზე მივსულვართ…
ადამიანი თავისუფალი არსებაა… ამას იმდენჯერ ვიტყვი სანამ ყველა არ შეიგნებს ჩემს გარეშემო, თუ არ შეიგნებენ მე მაინც დამანებებენ თავს, ჩემ თავისუფლებას მაინც აღიარებენ, საკუთარს თუ არა…
ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ოჯახის შექმნის მერე ჩვენი თავისუფლება მეტნაკლებად იზღუდება, უღელში შებმა ბორკილების დადებას და საკუთარი ცხოვრების მეორე ადამიანთან სამუდამოდ დაკავშირებას გულისხმობს… ზოგისთვის ეს ადვილი გადასატანია იმიტომ რომ თავისუფლების ხარისხი აქამდეც არ ქონდათ სათანადო სიმაღლეზე, ზოგიერთისთვის კი რთული…
ამ ყველაფერს ისიც ართულებს რომ საწყის ეტაპზე წყვილი თვლის რომ ერთი მეორეს საკუთრებაა და სწორედ აქ უშვებენ ყველაზე დიდი შეცდომას… სუსტები ამ ყველაფერს ეგუებიან, ძლიერები კი იბრძვიან, იბრძვიან ბოლომდე, მანამ, სანამ ან ასეთ დამოკიდებულებას არ შეცვლიან, ან უბრალოდ გაიქცევიან…
რა არის ეჭვიანობა? სენი თუ უბრალოდ ხასიათის ცუდი თვისება… ჩემი აზრით ესაა ყველაზე საშინელი დაავადება, რაც შეიძლება ადამიანის გონებას დაემართოს… ქალებში ძალიან იშვიათია, ალბათ იმიტომ რომ ქალის ბუნება მონოგამურია, მამაკაცის კი პოლიგამური… გულისსიღრმეში, სადღაც ქვეცნობიერში ქალები თვლიან რომ მამაკაცი მხოლოდ მისი არაა (არ გეწყინოთ ქალებო, მეც მიჭირს ამის აღიარება მაგრამ ასეა)…მამაკაცები კი პირიქით… რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ორივესთვის თავმოყვარეობის ამბავია, მაგრამ არ იმდენად ერთმანეთს სიცოცხლე რომ გაუმწარონ…
რა არის ღალატი? ჯერ აქედან დავიწყოთ… ვისთვის რა არის ღალატი? ჩემთვის შეურაცხყოფაა, არა იმიტომ რომ ის ჩემი საკუთრებაა და სხვას არ უნდა შეხედოს… ცალკე აღებული ღალატი იშვიათია…მანამდე არსებობს ფლირტი, მერე შეხვედრები და ტყუილები რაც არანაკლებ მძიმეა, ვიდრე თვითონ ღალატის ფაქტი…
ბორკილების დადება ერთმანეთისთვის და ამ ბორკილებზე “ტრუბნოი კლუჩით” მაგრად მოჭერა არაა ღალატის თავიდან აცილების საშუალება, უფრო პირიქით… აბა წარმოიდგინეთ რამდენ სისულელეს ჩაიდენთ გათავისუფლების მერე თუ რამდენიმე წელი გალიაში გამოგკეტავენ და მზის სხივებსაც კი დღეში სამჯერ მოგაწვდიან ჭამის წინ? რამდენ რამეს მოედები, რამდენ შეცდომას დაუშვებ ნანატრი თავისუფლებით ტკბობის პირველხანებში…ამიტომ თუ თქვენს მეორე ნახევარს სახლში გამოკეტავთ და ჰაერსაც კი პორცია–პორცია მისცემთ, როგორც კი ყურადღებას მოადუნებთ, ისეთ საშინელებას ჩაიდენს ყველაზე კოშმარულს სიზმარშიც კი რომ არ მოგელანდებათ…
განსაკუთრებით მამაკაცებს მინდა ვუთხრა და იმ ქალებსაც რომლებიც რატომღაც ამ სენით არიან შეპყრობილები: რაც უფრო მეტად შეზღუდავთ ერთმანეთს, მით უფრო დაშორდებით… მიეცით თავისუფლება თქვენს მეორე ნახევარს… რეალურად შეაფასეთ საკუთარი თავი, ისწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა და მიხვდებით რომ თავისუფლება კარგია, ორივესთვის… მუდმივი კონტროლი, უსაფუძვლო ბრალდებები, ჩხუბი, ყვირილი, ეს ყველაფერი სიყვარულს ანგრევს, თანაც ისე, რომ ვეღარ ააშენებთ…
როცა ადამიანის ბუნებისგან ბოძებულ ყველაზე დიდ განძს, სიყვარულის სახელით ზღუდავ, დამიჯერეთ ის ადამიანი არჩევანს გააკეთებს თავისუფლების სასარგებლოდ…
ყველა ადამიანს საკუთარი პატარა სამყარო აქვს, საკუთარი საიდუმლოებები… ეს ყველაფერი სინამდვილეში მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც ეკუთვნის, იმისათვის რომ მან საკუთარი თავი არ დაკარგოს, რომ ისეთად დარჩეს როგორიც არის… ნუ დაიწყებთ საკუთარ თავზე მის მორგებას, ის ნადავლი არაა, არც ჩასაცმელია რომელიც უნდა გადააკეთოთ… ის ადამიანია და თუ ეს ადამიანი გიყვართ მიიღეთ ისეთი როგორიც არის, მიიღეთ მისი სამყარო იმდენად რამდენადაც ამ სამყაროს გაგიზიარებთ… ნუ შეიჭრებით ხმალამოღებული მის ცხოვრებაში და ნუ დაუნგრევთ პატარ–პატარა სასწაულებს რაც მხოლოდ მისია, მისი საკუთრებაა და ამ ყველაფრის გარეშე ის უბრალოდ თქვენს დამატებად იქცევა… ნუ გაიფენთ ფეხქვეშ ყველაფერს რაც გააჩნია იატაკის ტილოსავით იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თქვენივე შექმნილი არარაობა მოგბეზრდებათ…
რატომ ფიქრობს ადამიანების უმეტესობა რომ ოჯახის შექმნის მერე გრძნობა და ვნება ხუნდება ან ქრება? ერთმანეთის სამყაროში მეტისმეტად შეჭრა, ერთმანეთის გადაკეთების მცდელობა და საკუთარ თავზე მორგებაა ამის მიზეზი… აღარაფერი რჩება მეორე ადამიანში ისეთი, განსაკუთრებული, გასაოცარი… რაც არ უნდა კარგი და ლამაზი იყოს, ის ყოველდღე სადილად მორთმეულ ტორტს დაემსგავსება და აუცილებლად მოგინდებათ თუნდაც ხახვი და პური გასინჯოთ
Posted by: leluka25 on: December 10, 2010
ეს საკითხი დიდი ხანია უკვე საზოგადოების განხილვის საგანია მაგრამ ამ კანონპროექტს არც ჰო და არც არა არ ეღირსა… საზოგადოების დიდი ნაწილი სასტიკად წინააღმდეგია სამაგიეროდ ამავე საზოგადოების დიდი ნაწილი მარიხუანას ლეგალიზებას უჭერს მხარს(?!)…
ამ საწაყალ ძიძებს რომ მიადგნენ მიზერ თანხებს რომ ვუხდით, მილიონობით შემოსავალია ამ ბიზნესში და არაა დასაბეგრი? ვიცი რომ მთელი მართმადიდებლური სამყარო ფეხზე დადგება ეს საკითხი თუ სერიოზულად დადგება… მეც ახლა მმკ თუ დამხვდება სამსახურთან ამ პოსტის გამოქვეყნების მერე არ გამიკვირდება
რატომ არის კარგი პროსტიტუციის ლეგალიზება?
თავი დავანებოთ იმას რომ დიდი ფული იშოვება (თუმცა რატომ უნდა დავანებოთ, მთავარი ესაა)
ტურისტული ნაკადი გაიზრდება…
მოხდება უკეთესი ხარისხის პროდუქტის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან… კონკურენცია გამოიწვევს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება…
შემცირდება ვენერიული დაავადებების რაოდენობა იმიტომ რომ ყველა ოფიციალური დაწესებულება გაკონტროლდება. ეყოლება ექიმი, ფსიქოლოგი, დირექტორი და ასე შემდეგ…
ყველა ქართველი ცოლი მხოლოდ “ბოვშის გულითვინა” “დაწვება”(გვერდით მიწოლას არ ვგულიხმობ) ქმართან და არ მოუწევს ზედმეტად თავის “შეწუხება” მამაკაცის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თანაც ეცოდინება მისი ქმარი სად დადის და უფრო მშვიდად იქნება, მთავარია არ დალევს, არ “გაიჩხირავს” ან არ მოწევს რამე “უჯიშობას”
დაწესებულებები იქნება პროდუქციის ხარისხის მიხედვით, მომსახურების ხარისხის მიხედვით და შესაბამისად იქნება ფასებიც… აქ აუცილებელია ფასებზე სახელმწიფოს ზედამხედველობა… ეს მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი თუ არ იქნება ისე არ გამოვა… (სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო პოლისი ექნება და უფასოდ მოემსახურებიან) შესაბამისად არ იქნება ამდენი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცი და ქმრისგან შეწუხებული დედაკაცები… შესაბამისად ეს მამაკაცები არ მიადგებიან მეზობლის სამოცდაათი წლის ბებოებს გასაუპატიურებლად…
გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდება უამრავი გოგო, ქართველ მოდელებს არ მოუწევთ სარფიანად გათხოვება ღიპიან ბიძიებზე იმიტომ რომ ექნებათ უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი სამუშაო…
საქართველოში ბოლოს და ბოლოს სიტყვა “ბოზი” იქნება პროფესია და არა სტატუსი და თუ ამ სფეროში არ მუშაობ ამ სტატუსს ტყუილად არ მოგარჭობენ…
ამ ბიზნესში ინდივიდუალურ მეწარმეებს აეკრძალებათ საქმიანობა, ან აუცილებლად დაუყენდებათ სოჩიკი და საკასო აპარატი…
საგადასახადოს ინსპექტორები დიდი სიამოვნებით შეამოწმებენ ასეთ დაწესებულებებს… მათი უმეტესობა უხელფასოდაც შეიძლება ამუშაო…
მგონი ბევრი რამეა დადებითი და უარყოფითი რა არის თქვენ მითხარით
შევაჯამოთ: მილიონობით ლარი ბიუჯეტში, კარგად კონტროლირებადი ბიზნესი, დაავადებებისგან დაცული საზოგადოება, სახლში მშვიდად მომლოდინე ცოლები, დაკმაყოფილებული მამაკაცები, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქცია, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ტურისტების დიდი ნაკადი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი…
მოკლედ ავშენდით ბიძია ბაბუა და ეგაა
Posted by: leluka25 on: December 9, 2010
უკვე ერთი წელია შემოსავალ–გასავალის აღრიცხვას ვაწარმოებ, შესაბამისად დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვეცდები გაგიზიაროთ…
დიდი ხნის განმავლობაში პროდუქტებს ვყიდულობდი საღამოს სამსახურიდან წასვლის შემდეგ და მხოლოდ ერთი დღისთვის… შესაბამისად ძალიან ბევრი არასასრგებლო და არასასურველი რამე მომყვებოდა ხელს… თანაც დადგენილია რომ როცა მშიერი შედიხარ მაღაზიაში იმაზე გაცილებით მეტს ყიდულობ ვიდრე გჭირდება… მას შემდეგ რაც შევცვალე ეს ჩვევა, გაიზარდა კვების რაციონის მრავალფეროვნება და შემცირდა ხარჯები…
აიღეთ ერთი კვირა და დათვალეთ იმ აუცილებელი პროდუქტების რაოდენობა რასაც კვირის განმავლობაში იყენებთ…
რძე, შაქარი, ყველი, ხორცი, თევზი, ფქვილი, კვერცხი, ზეთი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, სოკო, ხახვი, ნიორი, ხილი, კარაქი, მარინადები, სარეცხი საშუალებები, ჰიგიენის საშუელებები და.ა.შ … მოკლედ ყველაფერი რაც გჭირდებათ იმისათვის რომ ჯასაღად იკვებოთ და იცხოვროთ…
თქვენ თუ თვლით რომ აქედან ძალიან ბევრი რამე ფუფუნებაა, შეგიძლიათ რაღაცეები გამორიცხოთ, ისინი რაც თვლით რომ არ გჭირდებათ ან უბრალოდ მთელი ოჯახი მარხულობთ, მოკლედ ეს სია სურვილისამებრ გაზარდეთ ან შეამცირეთ…
შემდეგი კვირის განმავლობაში ეცადეთ დაგეგმოთ კვირის კვების რაციონი… ჩამოწერეთ ფურცელზე და გადანაწილეთ კვირის დღეების მიხედვით…
შაბათ–კვირას წადით სუპერმარკეტში და იყიდეთ ყველაფერი რაც გჭირდებათ მთელი კვირისთვის. თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებთ წადით ჯიმარტში… პროფესიული ჩვევა მაქვს ყველაფრის ფასებს ვიმახსოვრებ რასაც ვყიდულობ. მხოლოდ შაქარი 2,8 ღირს ჩემთან სუპერმარკეტში, ჯიმართში 2 ლარი, ფქვილი 1 კილო 2,4 ღირს, ჯიმართში 5 კილო 1,88 ხორცი ძალიან კარგია, ახალი და კარგი… ასე რომ თუ მთელი კვირის პროდუქტებს ერთად იყიდით აუცილებლად გააკეთებთ მნიშვნელოვან დანაზოგს და არა მარტო იმიტომ რომ ფასები დაბალია, იმიტომაც რომ როცა ყოველ დღე შედიხარ სუპერმარკეტში ძალიან ბევრ არასასარგებლო და ძვირადღირებულ რამეებს აყოლებ ხელს (ჩიფსები, კოკაკოლა, სასუსნავები) სანამ ჯიმარტში წახვალთ ჩამოწერეთ სია ზუსტად რისი ყიდვა გინდათ თორემ ვერც აქ აცდებით დაგეგმილზე ორჯერ მეტის გადახდას
ყველი, ხილი და ბოსტნეული იყიდეთ ცოტა, ზუსტად იმდენი რამდენსაც ერთ კვირაში გახარჯავთ… ჯობია იყიდოთ იქ სადაც ზოგადად ყიდულობთ ხოლმე ან ბაზრობაზე…
პირველივე კვირაში ვერ შეძლებთ ყველაფრის გათვალისწინებას მაგრამ ჩაიწერეთ და მომდევნო კვირაში იყიდეთ… ყველანაირად ეცადეთ გამორიცხოთ ნახევარფაბრიკატები, არც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო და ძვირიცაა ასე კვება… თუ ამის შესაძლებლობა და დრო გაქვთ ნამცხვარი, პეჩენია, ქადა ჯობია სახლში გააკეთოთ, ბევრად იაფია და ჯანსაღი. თანაც რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეინახოთ… რაც შეეხება მზა საჭმელს მის ყიდვას მოერიდეთ, არა მარტო იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება ასე კვება, არამედ იმიტომაც რომ გამყიდველი არასოდეს არ ეცდება გამოიყენოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, იაფიანი პროდუქტით კეთების შემთხვევაში განსხვავებას თქვენ მაინც ვერ შეამჩნევთ, ის კი მნიშვნელოვნად გაზრდის მოგებას, სამაგიეროთ თქვენი კუჭი აუცილებლად მიხვდება და თუ ვერ შეგაგინებთ დროთა განმავლობაში უარს იტყვის კეთილსინდისიერად იმუშაოს.
ეცადეთ შეძლებისდაგვარად გამოიყენოთ ის პროდუქტები რაც მაცივარში გაქვთ და კვირის განმავლობაში მხოლოდ პურისთვის და გადაუდებელი საყიდლებისთვის შეიაროთ სუპერმარკეტში…
იმედი მაქვს ვინმე მაინც გაითვალისწინებს ამ რჩევებს და დამიჯერეთ წაგებული არ დარჩებით…
კიდევ ერთხელ დაიცავით თქვენი ფული, თუნდაც მას თქვენ არ შოულობდეთ